ირანი-ისრაელი

CNN: ისრაელმა ირანის საჰაერო თავდაცვის ბაზაზე იერიში მიიტანა

AFP / Israeli Army

ისრაელმა ირანში ქალაქ ისპაჰანთან მდებარე საჰაერო თავდაცვის ბაზაზე იერიში მიიტანა. იერიში ჯერჯერობით ისრაელის თავდაცვის ძალებს არ დაუდასტურებიათ.

ინფორმაცია ისპაჰანში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შესახებ თავდაპირველად ირანულმა მედიამ გაავრცელა. როგორც ცნობილია ისპაჰანში 19 აპრილის ღამეს აფეთქების ხმა გაისმა და საჰაერო თავდაცვის სირენები გააქტიურდა. 

ანონიმური ებრაული და ამერიკული წყაროები ადასტურებენ, რომ თავდასხმა ირანულ ბაზაზე სწორედ ისრაელმა განახორციელა. არაა ცნობილი, თუ რა ზიანი მიადგა სამხედრო ბაზას და არიან თუ არა დაშავებულები. როგორც ცნობილია, ისრაელმა ბაზაზე იერიში დრონების გამოყენებით მიიტანა.

ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ისპაჰანში მდებარე ბირთვული ენერგიის ცენტრები არ დაზიანებულა. ირანის ამ ნაწილში კომერციული ფრენები შეჩერებულია. ინფორმაცია ისრაელის მიერ ირანის ბაზებზე თავდასხმის შესახებ CNN-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა. CNN-ის ცნობით, იერიშის სამიზნე ისპაჰანის ბირთვული ინფრასტრუქტურა არ ყოფილა

Jerusalem Post-ის ინფორმაციით, სამხედრო ბაზა, რომელზეც ისრაელმა იერიში მიიტანა ბირთვულ ბაზასთან ძალიან ახლოს მდებარეობს და ეს ირანისთვის ერთგვარი გაფრთხილება იყო, რომ საჭიროების შემთხვევაში ისრაელს უფრო დიდი დანაკარგის მოტანა შეუძლია


14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

კომენტარები