რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: ჯონსონმა უკრაინის დახმარების მიღების პირობა დადო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი
Bill Clark / CQ Roll Call via AP file

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, იაპონიის პრემიერმინისტრთან ფუმიო კიშიდასთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის კაპიტოლიუმის ოფისში უკრაინის დახმარების საკითხის განხილვა დაიწყეს.

ბოლო პერიოდში მაიკ ჯონსონს თანაპარტიელი რესპუბლიკელების ნაწილისგან მეთვალყურეობის კანონპროექტთან დაკავშირებით წინააღმდეგობას შეხვდა, ხოლო კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი მას სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების პროცესის დაწყებით კიდევ ერთხელ დაემუქრა.

ამის მიუხედავად, ჯონსონმა შეხვედრაზე პირობა დადო, რომ "ჩვენ ამას [უკრაინის დახმარებას] ბოლომდე მივიყვანთ".

ჯონსონის აღნიშნული განცხადებები დაადასტურა რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც ზემოხსენებულ შეხვედრას ესწრებოდნენ. რესპუბლიკელი სპიკერი მანამდეც ამბობდა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის დახმარების კანონპროექტს მიიღებდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას რესპუბლიკელთა ნაწილი ეწინააღმდეგება.

უკრაინისთვის აშშ-ს სამხედრო დახმარების საკითხზე ჯონსონი ჯერჯერობით საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის. ზოგიერთმა რესპუბლიკელმა წამოაყენა წინადადება, რომ უკრაინას დახმარება სესხის სახით გადასცენ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც მოიწონა.

"ჩვენ ვფიქრობთ, ამას [დახმარებას] სესხის სახე ჰქონდეს და არა - საჩუქრის". - თქვა ტრამპმა.

მაიკ ჯონსონმა ისრაელისა და უკრაინისთვის $95-მილიარდიანი ეროვნული უსაფრთხოების პაკეტის მიღება განიხილა, რომელსაც იგი ისეთ კანონპროექტებს დაურთავს, რომლებიც უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგე რესპუბლიკელების გადმობირებას შეძლებენ.

ამისთვის შესაძლოა კენჭისყრა ორ ეტაპად წარიმართოს: პირველ ჯერზე წარმომადგენელთა პალატაში სენატში მიღებულ კანონპროექტს უყრიან კენჭს, ხოლო მეორე ეტაპზე შესაძლოა REPO-ს ("REPO for Ukrainians Act") აქტის მიღების განხილვა, რაც გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივების გაყიდვას გულისხმობს. ამასთანავე, შესაძლოა დაემატოს კანონპროექტი, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის ნებართვებზე ჯო ბაიდენის მიერ დაწესებულ მორატორიუმს გააუქმებს.


აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.

მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს. 

როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

კომენტარები