ახალი რუსული კანონი

რა წერია "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო კანონის პროექტში

ქართული ოცნება

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში დაარეგისტრირა საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებას ეხება.

"კონსტიტუციური კანონის პროექტი დაკავშირებულია ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას" - წერია განმარტებით ბარათში.

კონსტიტუციური კანონის პროექტით საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.“

"კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს" - წერია საპარლამენტო უმრავლესობის მომზადებულ განმარტებით წერილში.  

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, "საზღვარგარეთის მთელ რიგ სახელმწიფოებში დღესდღეობით ფართოდ გავრცელებულია და დანერგილია ისეთი იდეოლოგია, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებს აშკარად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება".

"საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებები. ეს ღირებულებები განმტკიცებულია, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც ოჯახის შექმნას ჯვრისწერის საიდუმლოებას უკავშირებს. ამ ღირებულებების შენარჩუნებასა და დაცვას ემსახურება საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს განხორციელებული ცვლილებაც, რომლის თანახმადაც, ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამ საკითხთან მჭიდროდ დაკავშირებულია ასევე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, რომელთა დასაცავად მიღებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსი და მთელი რიგი სხვა საკანონმდებლო აქტები.

აღნიშნულის საპირისპიროდ საზღვარგარეთის მთელ რიგ სახელმწიფოებში დღესდღეობით ფართოდ გავრცელებულია და დანერგილია ისეთი იდეოლოგია, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებს აშკარად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება. ამის შედეგია, მათ შორის, ის გარემოება, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში ამჟამად მოქმედებს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც აღიარებს, უშვებს, ბუნებრივად მიიჩნევს და ახალისებს ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანების ქორწინებას, მათ მიერ ოჯახის შექმნის მიზნით სხვა მსგავსი კავშირების რეგისტრირებას, მათ მიერ ბავშვის შვილად აყვანას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციების გამოყენებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობებს, ამგვარი ურთიერთობების ამსახველი საკითხების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით სწავლებასა და პოპულარიზაციას, სხვა მსგავს მიდგომებსა და მეთოდებს. ამ იდეოლოგიის გავრცელებასა და დანერგვას ხელს უწყობს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიც" - წერია კანონპროექტში.

უმრავლესობის მტკიცებით, "ამ პროცესების მხარდაჭერა და ზემოაღნიშნული იდეოლოგიის პროპაგანდა ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების აშკარა და მიზანმიმართული უგულებელყოფის ხარჯზე ბოლო წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა".

"შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, რასაც ემსახურება სწორედ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტი. ამ მხრივ კონსტიტუციური კანონის პროექტი მიმართულია აგრეთვე იმ რისკების აღმოფხვრისკენ, რომლებიც დაკავშირებულია პოლიგამიისა და ინცესტის სამომავლო პროპაგანდასთან...

...ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი" - წერია კანონპროექტში.

ქართულმა ოცნებამ 29 თებერვალს დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაიცავდა.

კომენტარები