დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ბაქოს მტკიცებით, სომხეთი საზღვარზე ძალას აგროვებს, EU-ს მისია უარყოფს

EUMA-ს მანქანა საზღვრის მიმდებარე რეგიონში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სომხეთი საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთში კრებს ცოცხალ ძალას, ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და სხვა მძიმე დანადგარებს.

ამასთან ერთად, განცხადებაში ირწმუნებიან, რომ ბოლო დღეებში "სომხეთში გააქტიურდნენ რევანშისტული ძალები, რომლებიც აზერბაიჯანს ომით ემუქრებიან". როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, პროვოკაციის შემთხვევაში ისინი პრობლემას არმიის გამოყენებით გადაჭრიან. აქამდე, 30 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ვითომდა სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის გადაადგილება ჩანდა. ამ კადრების რეალურობა ჯერ არ დაზუსტებულა.

პარალელურად სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მოქმედი ევროკავშირის მისია EUMA ავრცელებს განცხადებას, რომ 31 მარტს მათ სასაზღვრო რაიონში გაგზავნეს საპატრულო ჯგუფები, რათა რაიმე სახის დარღვევა დაედგინათ. განცხადების მიხედვით, მათ არ შეუმჩნევიათ არანაირი სამხედრო აქტიურობა.

წარსულში ბაქოს მსგავს ბრალდებებს სომხეთის საზღვარზე ვითარების ესკალაცია მოჰყოლია.


ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის მუქარის ფონზე, სომხეთმა საკუთარ საზღვრებზე დემარკაციისა და დელიმიტაციის სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. 

ფაშინიანი: არ უნდა დავუშვათ ომი, ამიტომ ვთვლით საჭიროდ სომხეთის საზღვრების კორექტირებას

ბაქო სომხეთისგან ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ დააბრუნონ 4 სოფელი, რომლებიც ტავუშისა და ყაზახის პროვინციების საზღვარზე მდებარეობს. ფაშინიანის თქმით, 4 სოფელი, რომელსაც აზერბაიჯანი ითხოვს: ბაღანის-აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი 1991 წლის ალმა-ატის პროტოკოლის მიხედვით, დე იურედ სომხეთის ტერიტორიას არ წარმოადგენს.

ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა ამ რეგიონში მცხოვრებებსაც და მათთან საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია შესაძლოა სწორედ ტავუშის პროვინციიდან დაიწყოს.

კომენტარები