Boeing-ის თვითმფრინავები

5 წლის შემდეგ, Boeing-ის თვითმფრინავების უსაფრთხოებაზე შეშფოთება განახლდა – რატომ

5 იანვრის ინციდენტის შემდეგ აშშ-ს სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) გამომძიებელი ჯონ ლოუელი Alaska Airlines-ის Boeing 737-9 MAX-ის კორპუსს ამოწმებს, 2024 წლის 7 იანვარი
Handout/Getty Images

5 იანვარს Alaska Airlines-ის Boeing 737 MAX-9 სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც პორტლენდიდან ონტარიოში უნდა ჩასულიყო, 4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას კორპუსის ნაწილი, ევაკუაციისთვის განკუთვნილი კარი დაკარგა, რის გამოც, ორეგონში ავარიულად დაშვება მოუხდა.

თვითმფრინავიდან მოგლეჯილი კარის გვერდით არავინ იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტმა სწრაფი დეკომპრესია გამოიწვია, პილოტებმა Boeing 737 MAX-9-ის დასმა ორეგონში ისე შეძლეს, რომ არცერთი მგზავრი დაშავებულა.

აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) დროებით Boeing-ის 737 MAX-9-ის უმეტეს ნაწილს რეისების შესრულება აუკრძალა. მოგვიანებით სააგენტომ თვითმფრინავებს ფრენის უფლება აღუდგინა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით.

FAA-მ აუკრძალა Boeing-ს თავისი MAX თვითმფრინავების წარმოების გაფართოება ან თვითმფრინავების დამატებითი წარმოების ხაზების დამტკიცება "სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ამ პროცესის დროს გამოვლენილი ხარისხის კონტროლის საკითხები მოგვარებულია".

სააგენტომ თვითმფრინავების წარმოების პროცესის აუდიტიც ჩაატარა და აღმოაჩინა "რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კომპანიამ, სავარაუდოდ, ვერ შეასრულა წარმოების ხარისხის კონტროლის მოთხოვნები". მან სთხოვა Boeing-ს შეემუშავებინა გეგმა "ხარისხის სისტემური კონტროლის საკითხების გადასაჭრელად".

"მსგავსი ინციდენტი არ უნდა მოხდეს თვითმფრინავში, რომელიც ჩვენს ქარხანას დატოვებს. ჩვენ უბრალოდ უკეთ უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის და მათი მგზავრებისთვის". - თქვა Boeing-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეივ კალჰუნმა.

New York Times-ის ცნობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მომხდარზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. Boeing-მა აღნიშნულთან დაკავშირებით POLITICO-სთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

Boeing-ის თვითმფრინავების ინციდენტების სერია

5 იანვრის მოვლენის შემდეგ Boeing-ის თვითმფრინავებთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო გაიზარდა.

4 მარტს United Airlines-ის ტეხასი-ფლორიდის რეისზე Boeing 737-900-ის ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა.

7 მარტს იაპონიისკენ მიმავალ Boeing 777-200-ს ლოს ანჯელესში დაბრუნება მოუხდა, რადგან აფრენიდან მალევე თვითმფრინავს ბორბალი მოსძვრა.

13 მარტს American Airlines-ის Boeing 777 კალიფორნიაში ავარიულად დაჯდა. მიზეზი დაშვებული საბურავი იყო.

ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ჩილეში დაფუძნებული ავიაკომპანიის, LATAM Airlines-ის თვითმფრინავზე 11 მარტის ინციდენტმა დამატებითი შეშფოთება გამოიწვია, რადგან რეისზე, რომელიც სიდნეიდან ოკლენდის მიმართულებით Boeing 787-9 Dreamliner-ით სრულდებოდა, "ტექნიკური პრობლემის" გამო, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა.

Wall Street Journal-ის ცნობით, შემთხვევა პილოტის სავარძლის გაუმართაობამ გამოიწვია. გამოცემის ინფორმაციით, სავარძელი მოულოდნელად ჩავარდა, რის გამოც, პილოტი მართვის პულტს დააწვა, შედეგად კი თვითმფრინავი მკვეთრად დაეშვა დაბლა. ამ ინციდენტის შემდეგ Boeing-მა ავიაკომპანიებს 787-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტების სავარძლების შემოწმებისკენ მოუწოდა.

LATAM-ის თქმით, ისინი "შესაბამის ორგანოებთან კოორდინირებულად მუშაობენ, რათა დაეხმარონ ინციდენტის გამოძიებას".

Boeing-თან დაკავშირებული ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 15 მარტს მოხდა. აღმოჩნდა, რომ კალიფორნიიდან სამხრეთ ორეგონში ჩაფრენილ 737-800 თვითმფრინავს კორპუსის ქვედა ნაწილზე პანელი აკლდა. Associated Press-ის ცნობით, თვითმფრინავი Boeing-ის შედარებით ძველი მოდელია, რომლითაც ფრენა პირველად 1998 წელს შესრულდა, 2011 წლიდან კი მას United Airlines-ი იყენებს. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ინციდენტის გამოძიება უკვე დაიწყო.

"სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენს ავიახაზებზე მოხდა რიგი ინციდენტებისა, რომლებიც უსაფრთხოების მნიშვნელობას შეგვახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთთან კავშირში არ არიან, მინდა იცოდეთ, რომ ამ ინციდენტებს ყურადღებით ვუდგებით". - თქვა United Airlines-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ კირბიმ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში, რომელიც ავიაკომპანიამ POLITICO-ს გაუზიარა.

Boeing-ის "უსაფრთხოების" ისტორია

Boeing-ის უსაფრთხოებაზე შეშფოთება ახალი არ არის. კომპანიის წარმოებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია ხუთი წლის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც Boeing-ის ორმა თვითმფრინავმა 5-თვიანი ინტერვალით ავიაკატასტროფა განიცადა.

2018 წლის დეკემბერში ინდონეზიაში Boeing 737 MAX თვითმფრინავი ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 189 მგზავრი და ეკიპაჟი. 2019 წლის მარტში ეთიოპიაში იმავე მოდელის თვითმფრინავი ჩამოვარდა. დაიღუპა 157 ადამიანი.

Boeing 737 MAX-ები მთელს მსოფლიოში თითქმის ორი წლის განმავლობაში იყო გაჩერებული, მაგრამ, საბოლოოდ, დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფისა და ეკიპაჟის მომზადების განახლების შემდეგ, მათ ფრენების განახლების უფლება მისცეს.

ახლა, ხუთი წლის შემდეგ, კომპანიის თვითმფრინავებთან დაკავშირებული ინციდენტების სერიამ Boeing-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთებები განაახლა.

ანტვერპენის უნივერსიტეტის ეკონომისტის ვაუტერ დევულფის თქმით, Boeing-ისადმი ნდობა თითქმის აღარ არსებობს და ეს მაშინ, როდესაც კომპანია  ინდუსტრიაში ხარისხის უმაღლეს თამასად მიიჩნეოდა.

"თუკი უახლოეს მომავალში 737 MAX-თან დაკავშირებული კიდევ ერთი სერიოზული ავარია ან ინციდენტი მოხდება, Boeing-ის ბრალი იქნება თუ არა, ეს სერიოზულად დააზარალებს საზოგადოების, მაგრამ, ასევე, ავტორიტეტების ნდობას მოდელის მიმართ". - თქვა დევულფმა.

ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მარინა ეფთიმიუს თქმით, იმის ფონზე, რომ 2018 წლის კატასტროფები საზოგადოებრივ მეხსიერებაში ჯერ კიდევ ცოცხალია, შეშფოთება Boeing-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით "ძალიან გამართლებულია".

მისივე თქმით, ავიაცია არის "ძალიან უსაფრთხო ინდუსტრია" და "უსაფრთხოების მკაცრი საერთაშორისო რეგულაციების გამო" უბედური შემთხვევები იშვიათია. მაგრამ "ის ფაქტი, რომ ეს ყველაფერი ასე მოკლე დროში მოხდა, შემაშფოთებელია".

მამხილებლის სიკვდილი

12 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვდარი იპოვეს Boeing-ის ყოფილი თანამშრომელი, ჯონ ბარნეტი, რომელიც კომპანიის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ღიად საუბრობდა.

სამხრეთ კაროლინას ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, 62 წლის კაცის სიკვდილის მიზეზი თვითმკვლელობა გახდა. ჩარლსტონის ოლქის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მან ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა თავად მიიყენა. მათივე თქმით, ჩარლსტონის პოლიცია აგრძელებს საქმის გამოძიებას. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

BBC-ის ცნობით, ბარნეტი Boeing-ში 32 წლის განმავლობაში მუშაობდა და მან კომპანია 2017 წელს დატოვა. ბარნეტს Boeing-ში ხარისხის მენეჯერის პოზიცია ეკავა. მისი ადვოკატების, რობერტ ტურკევიცისა და ბრაიან ნოულზის თქმით, ბარნეტმა "Boeing 787 Dreamliner-თან დაკავშირებით უსაფრთხოების ძალიან სერიოზული პრობლემები გამოააშკარავა" საპასუხოდ კი კომპანიამ მას მტრული სამუშაო გარემო შეუქმნა.

ბარნეტის სიკვდილს გამოეხმაურა Boeing-იც. კომპანიამ განცხადებაში ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

გამოხმაურება ევროპაში

5 იანვრის ინციდენტის შემდეგ ევროპაში Boeing 737 MAX-9 თვითმფრინავებისთვის ფრენა არ აუკრძალავთ. მაშინ ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) თქვა, რომ "EASA-ს წევრ სახელმწიფოებში არც ერთი ავიაკომპანიის თვითმფრინავი შესაბამისი კონფიგურაციით არ ოპერირებს".

მიუხედავად ამისა, ევროპელი რეგულატორები არ გამორიცხავენ მკვეთრი ზომების მიღებას.

ამჟამად, ტრანსატლანტიკური პაქტის მიხედვით, EASA აღიარებს FAA-ს უსაფრთხოების ნებართვას Boeing-ის თვითმფრინავებზე. მაგრამ ბოლო ინციდენტების შემდეგ, EASA-ს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლუკ ტიტგატმა თქვა, რომ სააგენტო მზადაა შეაჩეროს აშშ-ს უსაფრთხოების ნებართვების აღიარება "თუ ეს საჭირო იქნება". თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით ამის აუცილებლობას ვერ ხედავს და თავს "დარწმუნებულად" გრძნობს, რომ Boeing-ი ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებს.

ქალაქ დუბლინის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მარინა ეფთიმიუს თქმით, ევროპაში Boeing-ის თვითმფრინავების მასობრივი გაჩერება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ასე მოხდა, ამას გლობალური მასშტაბით უზარმაზარი გავლენა ექნება.

"Boeing-ის "პრობლემები" იმოქმედებს ბილეთების ფასზე, თვითმფრინავების დაგვიანების გამო შეიზღუდება გაფართოების გეგმები და მარშრუტების განვითარება". - თქვა ეფთიმიუმ.

უსაფრთხოა Boeing-ით მგზავრობა?

ბილეთების დაჯავშნის ვებსაიტი Kayak-ი რეისის არჩევისას მომხმარებლებს 2019 წლის მარტიდან თვითმფრინავების ტიპების გაფილტვრის საშუალებას აძლევს. კომპანიის თქმით, Alaska Airlines-ის თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ, ამ ინსტრუმენტის გამოყენების სიხშირე 15-ჯერ გაიზარდა.

შეშფოთების მიუხედავად, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საჰაერო ტრანსპორტი გადაადგილების ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა და Boeing-ით მგზავრობაც დიდ რისკებთან დაკავშირებული არაა.

ასე არ ფიქრობს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი, ბრუნო ლე მერი.

"მირჩევნია Airbus-ით ვიფრინო, ვიდრე Boeing-ით. ჩემს ოჯახსაც ასე ურჩევნია: მათ ვადარდებ". - თქვა მან.

კომენტარები