საქართველო-უკრაინა

არახამია ოცნებას: თუ ნორმალიზება გსურთ, დაგვიბრუნეთ სააკაშვილი, შეწყვიტეთ ფრენები რუსეთთან

დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია საკუთარ ტელეგრამ-არხზე საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნას გამოეხმაურა.

ადეიშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

არახამიამ საქართველოს ხელისუფლებას "პროკრემლისტური" უწოდა და თქვა, რომ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭიროა გაათავისუფლონ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს რუსეთთან პირდაპირი რეისები და "სანქციების არიდებაში დახმარება".

"საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება "ურთიერთობათა ნორმალიზების მიზნით" აყენებს გარკვეულ მოთხოვნებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

თუ მართლაც "ნორმალიზაციაზე" ვსაუბრობთ, ამისთვის გეგმა არსებობს:

1. გაათავისუფლეთ ციხიდან და დაგვიბრუნეთ ჩვენი მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი;

2. შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს;

3. შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში.

შემდეგ ურთიერთობის ნორმალიზება მარტივად მოხერხდება." – დაწერა არახამიამ.

11 მარტს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა უკრაინის ხელისუფლებისადმი მიმართვა, რომელშიც ნათქვამი იყო: "უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ".


28 თებერვალს გამოქვეყნებული ბუნდესტაგის სხდომის ჩანაწერის მიხედვით, პროცესს უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა. ამასთან ერთად, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა 6 მარტს ტელეგრამის გვერდზე გაავრცელა ფოტო, სადაც ანდრეი კოსტინს გერტ იან კომპანთან შეხვედრაზე დელეგაციაში ზურაბ ადეიშვილიც ახლავს.

7 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრაში ადეიშვილის მონაწილეობის საკითხზე საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ელჩი განცხადებას გააკეთებს იმის შესახებ "ცნობილი იყო თუ არა, ვის ხვდებოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლები და მეორე, მას შემდეგ რაც ეს ცნობილი გახდა, რას ეტყვიან ისინი ქართველ ხალხს".

8 მარტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით გამოეხმაურა ქართული ოცნების კრიტიკას და დაწერა, რომ უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა.

11 მარტს საქართველოს მთავრობამ ზურაბ ადეიშვილის უკრაინის დელეგაციაში ყოფნაზე ორი განცხადება გაავრცელა - ერთი უკრაინის ხელისუფლების, მეორე კი - ევროკავშირის მისამართით.

საქართველოს მთავრობის შეფასებით, "დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად უპირისპირდება ტრადიციულ მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანასა და ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული". მთავრობა მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, "უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ".

ამას გარდა, 11 მარტს საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა.

კომენტარები