რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დრონების იერიშების შედეგად, ნიჟნი ნოვგოროდისა და ორიოლის ოლქებში ნავთობსაცავები დაიწვა

მარცხნივ - ხანძარი ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში; მარჯვნივ - ხანძარი ორიოლის ოლქში 

უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ორიოლისა და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქებში მდებარე ნავთობსაცავებში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. 

ტელეგრამ-არხი BAZA-ს ცნობით, ორიოლში ხანძარი 12 მარტის გამთენიისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 3 საათზე გაჩნდა. ცეცხლის გაჩენამდე ადგილობრივებმა აფეთქების ხმა გაიგეს. შემდეგში ოლქის გუბერნატორმა თქვა, რომ ეს დრონის თავდასხმის შედეგი იყო. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. 

ამის შემდეგ ხანძარი გაჩნდა ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვში მდებარე ლუკოილის ნავთობობიექტში. ანონიმური ტელეგრამ-არხი 112 წერს, რომ მათი ინფორმაციით, დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ნავთობის გამოსახდელი აპარატი. ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ ეს ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 6 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. 

ამას გარდა, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა თქვა, რომ ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა. ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, აფეთქების ხმები ისმოდა კურსკის ოლქშიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომელიც ჩამოგდებული უკრაინული დრონების რაოდენობას წერს ხოლმე, ჯერჯერობით დუმს.

კომენტარები