რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნას განიხილავს

ოპერაცია UNIFIER-ის კანადელი წევრები უკრაინაში, 2018 წელი
canada.ca

კანადური მედია Toronto Star-თან ინტერვიუში კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლეირმა თქვა, რომ, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, უკრაინაში ჯარისკაცების გასაწვრთნელად სამხედროებს გაგზავნიან. მან ხაზი გაუსვა, რომ მათ არ ექნებათ საბრძოლო დანიშნულება.

ბლეირმა თქვა, რომ ამ საკითხს კვირის დასაწყისში, პარიზში განიხილავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კანადა "არ გეგმავს საბრძოლო პერსონალის გაგზავნას", თავდაცვის მინისტრმა გამოთქვა პოზიცია, რომ მათთვის მისაღებია ინსტრუქტორების გაგზავნა. გასულ კვირაში კანადასა და უკრაინას შორის გაფორმებულ უსაფრთხოების შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო მწვრთნელები უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლოა დაბრუნდნენ, როცა "შესაბამისი პირობები შეიქმნება".

"ეს, ვარჯიშების ჩატარება უნდა შესრულდეს ძალიან ფრთხილი და შეზღუდული გზით." – თქვა მედიასთან კანადის თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ, გაგზავნის შემთხვევაში, ინსტრუქტორები ფრონტის ხაზისგან შორს უნდა იყვნენ.

ცნობა, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნა NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის განიხილებოდა, თავდაპირველად სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ გაავრცელა, რაც შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაადასტურა. მაკრონის თქმით, ამ შესაძლებლობა ძალიან თავისუფლად და პირდაპირ" განიხილავენ. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ მისულან.

კრემლში გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ თუ ევროპული ქვეყნები უკრაინაში სამხედროებს განალაგებენ, მაშინ NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება. მაკრონის სიტყვებს თავად ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა და "პოტენციურ ინტერვენტებს" "ტრაგიკული" შედეგებით დაემუქრა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. ამავე შინაარსის კომენტარი გააკეთეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

კომენტარები