დნესტრისპირეთის კონფლიქტი

სეპარატისტული დნესტრისპირეთი რუსეთს მოლდოვის "ზეწოლის" წინააღმდეგ დახმარებას სთხოვს

დნესტრისპირეთის სეპარატისტული ძალები პარადზე. 2013 წლის 2 სექტემბერი
EPA/Stringer

მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის  ე.წ. დეპუტატებმა რუსეთს მოლდოვის "მზარდი ზეწოლის" წინააღმდეგ დასახმარებლად მიმართეს.

"მიღებულ იქნეს მიმართვა რუსეთის ფედერაციის ფედერაციული საბჭოსა და სახელმწიფო დუმისადმი თხოვნით, დაიცვან დნესტრისპირეთი მოლდოვის გაძლიერებული ზეწოლის ფონზე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის 220 000-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს და გვაქვს უნიკალურად პოზიტიური გამოცდილება დნესტრზე რუსული მშვიდობისმყოფელობის, ასევე მოლაპარაკებების პროცესში [რუსეთს] გარანტიისა და შუამავლის სტატუსი [აქვს]." – ნათქვამია ე.წ. რეზოლუციაში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა ეკონომიკური, სოციალური, ჰუმანიტარული და სამხედრო-პოლიტიკური გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას.

გასულ კვირაში უკრაინულ მედიაში წერდნენ, რომ ოკუპირებული დნესტრისპირეთის ე.წ. დეპუტატებს, შესაძლოა რუსეთისთვის დახმარება მოეთხოვათ. დასახალებული თარიღი, როცა ე.წ. დნესტრისპირეთის იმაღლესი საბჭოს სხდომა იგეგმებოდა - 28 თებერვალი. უცნობი იყო ყრილობაზე განსახილველი ზუსტი საკითხი. ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი ამბობდა, რომ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას აზრი არ ჰქონდა და შეხვედრაზე საკუთარ განზრახვებს დაადასტურებდნენ. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ 2006 წელს ოკუპირებულ დნესტრისპირეთში ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი, რომლის ფარგლებშიც რუსეთთან შეერთებას მხარი დაუჭირეს.

გასული წლის დეკემბერში რუსმა "სამშვიდობოებმა", რომლებიც დნესტრისპირეთში არიან განლაგებული, მოლდოვის კონტროლირებადი ტერიტორიის მახლობლად სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.


1990-1992 წლებში მოლდოვაში მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტი. დაძაბულობამ პიკს 1992 წელს მიაღწია, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და გამოცხადებული იყო მოლდოვის რესპუბლიკა. ომი სამშვიდობო შეთანხმებით ამავე წელს დასრულდა.

დნესტრისპირელ სეპარატისტებს, რომელთა უმრავლესობა ეთნიკური რუსი იყო, მხარს უჭერდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი უკვე რუსეთის მე-14 გვარდიული არმია. რუსი სამხედროები დნესტრისპირეთში დღესაც დგანან. სეპარატისტული რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. დნესტრისპირეთის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც გაყინულ კონფლიქტად ითვლება, თუმცა, ორი წლის წინ, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რამდენიმე კვირით სიტუაცია დაიძაბა დნესტრისპირეთის გარშემოც, მას შემდეგ, რაც აქ რამდენიმე პროვოკაცია მოაწყვეს.

ვრცლად მოლდოვაში არსებული სეპარატიზმისა და დნესტრისპირეთის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიაში – დნესტრისპირეთი და ომი უკრაინაში – გაყინული კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

კომენტარები