ალექსეი ნავალნის სიკვდილი

ნავალნის სიკვდილის შემდეგ, პუტინმა სასჯელაღსრულების დირექტორის მოადგილე დააწინაურა

ვალერი ბოიარინევი

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერაციული სამსახურის მეთაურის პირველი მოადგილე, ვალერი ბოიარინევი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-პოლკოვნიკი გახდა. განკარგულებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოიარინევს ახალი წოდება მიენიჭა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი 19 თებერვალს, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილიდან 3 დღის შემდეგ მოაწერა.

ტელეგრამ-არხი Важные истории წერს, რომ ბოიარინევი პირადად გასცემდა ბრძანებებს, რომლებიც ნავალნის უფლებებს ზღუდავდა. მათი ცნობით, 2023 წლის ივლისში გამართულ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ბოიარინევმა ვლადიმირის ოლქის მე-6 გამოსასწორებელ კოლონიას, სადაც ნავალნი მაშინ იმყოფებოდა, გაუგზავნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაკავებულ ოპოზიციონერს შეეზღუდა თანხის ლიმიტი, რომლის მეშვეობითაც მას ციხეში საკვების ყიდვა შეეძლებოდა.

ამას გარდა, პუტინის 19 თებერვლის განკარგულებით ახალი წოდებები მიიღეს სასჯელაღსრულების სამსახურის სხვა თანამშრომლებმაც: სამსახურის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრ როზინი შინაგან საქმეთა გენერალ-ლეიტენანტი გახდა, სასჯელაღსრულების საქმეთა მართვის მეთაური, დმიტრი შაროვატოვი - გენერალ-მაიორი, ეს წოდება მიიღო კადრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრ ფედოროვმაც.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში მოკვდა. ამ დრომდე უცნობია სად არის მისი ცხედარი, რომელსაც ოჯახის წევრებს არ აძლევენ. ოპოზიციონერის ცოლმა, იულია ნავალნაიამ, რომელიც ახლა ევროპაში იმყოფება, თქვა, რომ ის ქმრის საქმეს გააგრძელებს და რუსეთის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

კომენტარები