უკრაინა

უკრაინის რადამ მობილიზაციის ახალი კანონი პირველი მოსმენით მიიღო

Shutterstock

უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის ახალ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ რადას დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა Telegram-ზე დაწერა

კანონს ხმა 243-მა დეპუტატმა მისცა, აქედან 178 მთავრობის პარტიიდან, ხალხის მსახურიდან, იყო. 

ჟელეზნაკის თქმით, კანონპროექტი კომიტეტისგან შეთავაზებების გარეშე მიიღეს, ხოლო შესწორებებისთვის დრო 21 თებერვლამდეა, რის შემდეგაც კანონზე მეორე მოსმენით იყრიან კენჭს. 

"შესაბამისად, დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ მთლიანად კანონპროექტი თებერვლის ბოლო კვირაში იქნება მიღებული, ხელი მოეწერება მარტში და ძალაში ერთი თვის შემდეგ, აპრილში, შევა". - წერს ჟელეზნიაკი. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტი სამხედრო სამსახურის ვადას ზუსტად განსაზღვრავს. ამასთან, ახალი კანონპროექტით, ყველა მოქალაქე ვალდებულია შესაბამის უწყებებში გაიაროს რეგისტრაცია და სახელმწიფო სამსახურში მოხმობისგან თავის დაღწევის უფლება აღარავის ექნება. 

თავის არიდების მცდელობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნება მოქალაქეს საბანკო ანგარიშები გაუყინოს ან ტრანსპორტის საშუალებების მართვის და უკრაინიდან გამგზავრების უფლება შეუზღუდოს.

ამასთან, კანონის ფარგლებში, სავალდებულო სამხედრო გაწვევა საბაზო საომარი მომზადებით ჩანაცვლდება, რომელიც მაქსიმუმ 5 თვე გაგრძელდება და რომლის დროსაც პიროვნება სამსახურს ინარჩუნებს. 

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მობილიზაციის შემდეგ მოქალაქეს 2-3 თვის განმავლობაში სავალდებულო საომარი განათლება ჩაუტარდება და მობილიზაციის შემდგომ დაუყოვნებლივ ფრონტზე არ გაიგზავნება.

კანონი ასევე მინიმალურ ფულად ანაზღაურებასა და შვებულების დღეებს ითვალისწინებს. კანონპროექტი მინიმალურ ფულად ანაზღაურებად 20 000, ხოლო საომარი მდგომარეობის განმავლობაში დამატებითი ანაზღაურებისთვის 30 000-იდან 100 000-მდე გრივნას განსაზღვრავს.

მანამდე, უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა თქვა, რომ აღნიშნული კანონპროექტი რიგ ანტიკონსტიტუციურ ნორმებს შეიცავს, თუმცა დეპუტატებს მაინც მოუწოდა, პირველი მოსმენით მიეღოთ. 

მობილიზაციის ახალი კანონპროექტი მინისტრთა კაბინეტმა 30 იანვარს დაამტკიცა და რადაში შეიტანა, მას შემდეგ, რაც 12 იანვარს შეთავაზებული მობილიზაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაიწვიეს.

კომენტარები