აშშ

აშშ-ში მოპარულ მეხსიერების ბარათზე ნაპოვნი მკვლელობის კადრებით პოლიციამ დამნაშავე დაიჭირა

ორი ქალის მკვლელობის საქმეში ბრალდებული ბრაიან სტივენ სმითი, ანკორიჯი, ალასკა, 16 ოქტომბერი, 2019
AP Photo/Mark Thiessen, File

აშშ-ს ალასკის შტატში ქალმა ციფრული მეხსიერების ბარათის მოპარვის შემდეგ, მასზე მკვლელობის ამსახველი ვიდეო და სურათები აღმოაჩინა. კრიმინალური ისტორიის მქონე ქალი კაცთან ერთად პაემანზე იმყოფებოდა, როცა, მანქანაში მარტოდ დარჩენის შემდეგ, კაცს მეხსიერების ბარათი მოჰპარა.

მეხსიერების ბარათზე ქალმა შემზარავი სურათები და ვიდეო იპოვა, რომელზეც სასტუმროში უცნობი ქალის ცემისა და გაგუდვის კადრები იყო ასახული. ამას გარდა, ვიდეოში დამნაშავის ხმა ისმოდა და ჩანდა, თუ როგორ გააქვს მას ბარგის საზიდზე მოთავსებული სისხლიან საფარში გახვეული ქალის ცხედარი სასტუმროს გარეთ.

კადრების პოვნის შემდეგ ქალმა მეხსიერების ბარათი პოლიციას გადასცა, ხოლო ვიდეოში გაგონილი ხმის ცნობის შემდეგ, 52 წლის სამხრეთ აფრიკელი ბრაიან სტივენ სმითი დააკავეს. სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, პოლიცია ხსენებულ პირს მანამდე გამოძიებიდანაც იცნობდა.

ვიდეოს პოვნის შემდეგ 30 წლის კეთლინ ჰენრისა და 52 წლის ვერონიკა აბუჩუკის საქმეში სმითი მთავარ ეჭვმიტანილად იქცა. მან ბრალეულობა 14-ვე ბრალდებაში არ აღიარა, რაც პირველი და მეორე ხარისხის მკვლელობას, სექსუალურ ძალადობასა და სამხილების გაყალბებას მოიცავდა.

პოლიციის თქმით, სწორედ კეთლინ ჰენრის მკვლელობა იყო ასახული მეხსიერების ბარათზე ნაპოვნ ვიდეოში. სასტუმროში მომხდარი მკვლელობის შესახებ დაკითხვის დროს კი ბრალდებულმა სმითმა მათ კიდევ ერთი მკვლელობა გაუმხილა.

“ყველანაირი წაქეზების გარეშე, მან პოლიციელებს სააბაზანოში უთხრა, "მე თქვენ ცნობილებად გაქცევთ"". - თქვა საოლქო პროკურორმა ბრიტანი დანლოპმა სასამართლო დარბაზში მოსმენისას: "ამის შემდეგ მან კიდევ ერთი მკვლელობა გაამხილა".

სმითის ადვოკატმა ტიმოთი აიერმა ციფრული მეხსიერების ბარათზე აღმოჩენილი ვიდეოს სასამართლო პროცესზე სამხილებად არდაშვება წარუმატებლად სცადა. თავდაპირველად, ქალმა, რომელმაც კადრები იპოვა, განაცხადა, რომ ბარათი ქუჩაში იპოვა, თუმცა, მეორე დაკითხვაზე მან ქურდობა აღიარა. ამის გამო, ადვოკატის მტკიცებით, პროკურატურა 39 სურათისა და 12 ვიდეოს წარმოშობას ვერ აჩვენებდა და, შესაბამისად, ვერ დადგინდებოდა, აღნიშნული სამხილები ასლი იყო, თუ დედანი. თუმცა, მოსამართლემ ქალს მეხსიერების ბარათის მოპოვებასთან დაკავშირებით სასამართლოზე ჩვენების უფლება მისცა და განაცხადა, რომ ჩანაწერების ორიგინალთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია.

კომენტარები