გერმანია

გერმანიის ჯარის მძიმე მდგომარეობა და შოლცის შორეული ამბიციები

გერმანია

გერმანიის ჯარის მძიმე მდგომარეობა და შოლცის შორეული ამბიციები

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სამი დღის შემდეგ, თვითკმაყოფილებიდან გამოფხიზლებულ გერმანიის ბუნდესტაგს კანცლერმა ოლაფ შოლცმა სიტყვით მიმართა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან ათწლეულების განმავლობაში გერმანელებს მილიტარიზმისა და ძალის პოლიტიკის დრო წასულად მიაჩნდათ. გერმანელი დიპლომატის თომას ბაგერის დახასიათებით, "ისტორიის დასასრული ამერიკული იდეა, მაგრამ გერმანული რეალობა" იყო.

მსგავსი ილუზიები 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისთანავე დაინგრა. რამაც, პირველ რიგში, გერმანელებს შორის ახალი თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების საჭიროებაზე გააჩინა დისკუსია. სიტყვით გამოსვლაში შოლცმა სწორედ ისტორიულ "შემობრუნების წერტილზე" (Zeitenwende) გაამახვილა ყურადღება და თავდაცვის პოლიტიკაში ახალი კურსი დასახა. შოლცის თქმით, ბუნდესვერის მოდერნიზაციისთვის ერთჯერადად €100 მილიარდს გამოყოფდა, ხოლო თავდაცვის ბიუჯეტს NATO-ს სტანდარტთან თანხვედრაში მოიყვანდა. ამ გეგმით, გერმანიას სამომავლოდ თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება მოუწევს, რათა თავდაცვაში ქვეყნის მშპ-ს 2% დაიხარჯოს.

 გერმანიის კანცლერის გამოსვლას მხარდამჭერებსა და მეტწილად ოპოზიციაშიც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა სოციალ-დემოკრატების ომამდელი პოზიცია პრორუსულადაც კი შეაფასა, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა და მწვანეთა პარტიის წევრმა რობერტ ჰაბეკმა რუსეთის შეფასებაში დაშვებული შეცდომები აღიარა.

მაგრამ უკრაინაში ომით გაჩენილი განწყობების მიუხედავად, Zeitenwende-ის სიტყვით გამოსვლა თავდაცვის პოლიტიკის ძირეული ცვლილების ნაცვლად, უფრო იმედისმომცემ ლოზუნგად იქცა. ხოლო გაცემული დაპირებების მოქმედებაში გადათარგმნის პროცესს გერმანული ბიუროკრატიისთვის ჩვეული ნელი ინერცია მოერია.

კანცლერ ოლაფ შოლცისა და თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის ამბიციით, გერმანია საშუალო ზომის სამხედრო ძალიდან ევროპის თავდაცვის მოწინავე ხაზად უნდა გადაიქცეს. თუმცა, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, ქვეყნის თავდაცვის პოლიტიკაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. შოლცის დაპირებული €100 მილიარდიდან, ჯერჯერობით გამოყოფილი (მაგრამ არა დახარჯული) მხოლოდ €30 მილიარდია. აქედან გერმანია ბირთვული შესაძლებლობების მქონე თვითმფრინავსა და სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენებზე  €13 მილიარდის დახარჯვას ომამდეც გეგმავდა. ამასთანავე, მაღალი ინფლაციის გამო დაპირებული თანხის რეალური მოცულობა შემცირდა. ამის გამო გადაწყდა, რომ თანხის გაზრდის სანაცვლოდ, ბუნდესვერი უფრო ნაკლებ აღჭურვილობას მოითხოვს, ხოლო საზღვაო ძალები ორით ნაკლებ ფრეგატს მიიღებს.

გერმანიის თავდაცვის პოლიტიკა მრავალი წელი იყო მივიწყებული, ხოლო ქვეყნის ჯარის ჩავარდნებზე ცნობები ზოგადი სურათის დახატვის საშუალებას გვაძლევდა: თავდაცვის ბიუჯეტი არ სწვდებოდა ბუნდესვერის საჭიროებებს და შეიარაღების განახლების პროცესი ნელა მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ 2015 წელს ნორვეგიაში NATO-ს წვრთნების დროს გერმანიის ჯარმა, Boxer-ის შეჯავშნული საბრძოლო მანქანების ტყვიამფრქვევებზე ხელმიუწვდომლობის გამო, სიმულირებისთვის, შავად გადაღებილი ჯოხები გამოიყენა. 2022 წლის დეკემბერში კი NATO-ს წვრთნებში 18-ვე გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Puma მწყობრიდან გამოვიდა და ერთ-ერთ მათგანს ცეცხლი გაუჩნდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს ბუნდესვერში ჩატარებული აუდიტით გაირკვა, რომ ლუფტვაფეს 388 თვითმფრინავიდან, სამხედრო მოქმედებებში მყისიერად ჩართვისთვის მზად მხოლოდ 121 იყო. ამას გარდა, დადგინდა, რომ Boxer-ის 180 სამხედრო მანქანიდან, 70 ერთეული სამხედრო განლაგებისთვის შესაფერის მდგომარეობაში არ იყო. ოთხი წყალქვეშა ნავიდან კი მხოლოდ ერთ მათგანს შეეძლო ზღვაში გასვლა. ყოფილა შემთხვევებიც, მაგ. 2017 წელს, როცა არცერთი წყალქვეშა ნავი და საჰაერო ძალების 14 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, შეკეთებების გამო, მზად არ იყო ოპერაციების შესასრულებლად. ამავე წელს, გერმანია თავდაცვის ბიუჯეტზე მშპ-ს მხოლოდ 1.2%-ს ხარჯავდა.

გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი 1990-2020 წლებში

გერმანიაში მრავალწლიანი საზიანო და წინდაუხედავი თავდაცვის პოლიტიკის შედეგები უკრაინა-რუსეთის ომმა კიდევ უფრო გამოააშკარავა. ცხადია, ეს ვერ შეედრება იმ ჩავარდნებს, რომლებიც რუსეთის ჯარის სრულმასშტაბიანი თავდასხმის ფარგლებში ვიხილეთ, თუმცა, ამით ბუნდესვერის ნაკლოვანებების მნიშვნელობა არ მცირდება.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ოლაფ შოლცის მიერ გაცემული დაპირებაა, რომლის მიხედვითაც 4 800 გერმანელი სამხედროსგან შემდგარი ბრიგადა ლიტვაში, რუსეთის საზღვართან განთავსდება. გასათვალისწინებელია, რომ დაპირების გამოცხადებამდე მთავრობას ეს საკითხი გერმანიის შეიარაღებულ ძალებთან წინასწარ არც განუხილავს. ხოლო ამ დროისთვის ლიტვაში მხოლოდ 30 გერმანელი ჯარისკაცია გაგზავნილი და ბრიგადის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა 2027 წლისთვის იგეგმება.

 ამას გარდა, კიდევ უფრო მრავლისმეტყველია ის, რომ ლიტვისთვის დაპირებული ორი სატანკო დანაყოფიდან ერთ-ერთს შემადგენლობაში ტანკები არ ჰყავს, რადგან ისინი გერმანიამ უკრაინას გადასცა. პისტორიუსის თქმით, დანაყოფის ტანკებით უზრუნველყოფა 2026 წელს ლიტვაში მოხდება, მანამდე კი ჯარისკაცებს წვრთნების გავლა სიმულაციებზე მოუწევთ. "პისტორიუსს ლიტვაში სატანკო ბატალიონის გაგზავნა ტანკების გარეშე სურს". - ამბობს ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრი ინგო გეიდეხენი, "რა სიგნალს მისცემს ეს ჩვენს ლიტველ მოკავშირეებს?"

შედარებისთვის, როდესაც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა 1955 წლის 6 მაისს NATO-ში გაწევრიანდა, ბუნდესვერში სამხედრო პერსონალის რაოდენობა ნულს უტოლდებოდა. ორი წლის შემდეგ, გერმანიამ NATO-ს რიგებში ათეულობით ათასი სამხედრო შემადგენლობით შეიტანა წვლილი. ხოლო 1950-იანი წლების ბოლოს მთავრობამ თავდაცვის მხრივ ფუნდამენტური გარდაქმნები გაატარა და ევროპაში NATO-ს თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბუნდესვერი საპირისპირო მიმართულებით წავიდა. 1990-იანი წლებისთვის გერმანიის არმია 370 000 ჯარისკაცამდე იყო შეზღუდული. რვა წლის წინ კი ჯარის რიცხვები 177 000-მდე ჩამოვარდა მაშინ, როცა თავდაცვის პოლიტიკის მიხედვით არმია 183 000 ჯარისკაცის ყოლას ისახავდა მიზნად. ბოლო, 2023 წლის მაისის მონაცემებით, გერმანიას 181 672 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

გერმანიის შეიარაღებული ძალების ზომის კლების ტენდენცია

შოლცის დაპირებით, ახალი პოლიტიკის ფარგლებში, მიმდინარე ათწლეულის ბოლოს გერმანიას 203 000 ჯარისკაცი უნდა ჰყავდეს. ეს, ჯერ ერთი, საკმაოდ გრძელვადიანი გათვლაა, თუმცა, ამასთანავე მიუღწეველ მიზნადაც ითვლება. ამის მიზეზი ისაა, რომ არმია ვერ ახერხებს საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცის რეკრუტირებას. გვიანი 2023 წლის ცნობებით, წვევამდელთა რიცხვი, რომლებსაც სურთ ბუნდესვერში გაწევრიანება, გასულ წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა. ამას ემატება გერმანიის შეიარაღებული ძალების საკითხებში საპარლამენტო კომისრის ევა ჰოგლის აღიარება, რომ  2031 წლისთვის ჯარის გაზრდის ამბიცია მიუღწევადია.

ჯარში გაწევრიანების მსურველი ახალწვეულების ნაკლებობას გერმანიის გარდა სხვა დასავლეთის სახელმწიფოებიც, მაგ. აშშ და გაერთიანებული სამეფო, განიცდიან. თუმცა, გერმანიის შემთხვევა იმით ხასიათდება, რომ არსებულ თავდაცვის პოლიტიკაში ამ პრობლემასთან გამკლავების გზებზე დისკუსია ძირეული ცვლილებებისკენ არ არის მიმართული.

პისტორიუსის წინადადებით, შეიარაღებულ ძალებში პერსონალისა და მოხალისეების დეფიციტის პრობლემის გადაჭრა ევროპის ქვეყნების მოქალაქეებზე ბუნდესვერში მსახურობის ნებართვის გაცემით შეიძლება. პოტენციური გეგმით, ნებართვა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, არამედ შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებზეც გავრცელდეს.

 ამ იდეამ მხარდაჭერა მთავრობის კოალიციურ პარტნიორებსა და ოპოზიციაშიც მოიპოვა. გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანის თქმით, აღნიშნული გეგმა შესაძლოა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, ასევე გაერთიანებულ სამეფოსა და შვეიცარიაზეც გავრცელდეს. მაგრამ პისტორიუსი პირველი თავდაცვის მინისტრი არ არის, რომელმაც ჯარში პერსონალის დეფიციტის პრობლემის გადაჭრა ამ გზით სცადა. 2018 წელს ურსულა ფონ დერ ლაიენმა მსგავსი სქემა შეიმუშავა, თუმცა, გერმანიის მეზობლებისგან მწირი ენთუზიაზმის გამო, გეგმა სისრულეში ვერ მოვიდა.

პისტორიუსის კიდევ ერთი წინადადებით, გერმანიაში შესაძლოა, სავალდებულო სამხედრო სამსახური აღდგეს, მაგრამ თავდაცვის მინისტრი დაბრკოლებებს აქაც ხვდება. მარი-აგნეს სტრაკ-ზიმერმანის თქმით, სამხედრო გაწვევის შემოღების შემთხვევაში გერმანიას ახალწვეულებისთვის საკმარისი ყაზარმები არ აქვს. "ჩვენ საკმარისი რაოდენობის კადრებიც არ გვყავს, რათა ახალწვეულები გაწვრთნან და სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის საჭირო რესურსები უკვე დიდი ხანია, რაც შემცირებულია". - ამბობს ზიმერმანი.

ჩამოთვლილ სუსტ წერტილებს ემატება ის რიგი პრობლემები, რომელთა წინაშეც ზოგადად ბუნდესვერი მრავალწლიანი უყურადღებობის შედეგად დგას. 2023 წელს გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ში გაჟონილ მინაწერში ბუნდესვერის მეთაური, გენერალ ლეიტენანტი ალფონს მაისი ამბობს, რომ ჯარს საჭირო აღჭურვილობის 60% აკლია. მაისის ჩამონათვალის მიხედვით, გერმანიის არსენალს გადამწყვეტი მნიშვნელობის 2 000 სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა აკლია, მათ შორის, Leopard-ის ტანკები.

2022 წელს ალფონს მაისმა აღიარა, რომ "ჯარი, რომლის მართვის შესაძლებლობაც მაქვს, ასეა თუ ისე, ცარიელია". იგი წუხდა, რომ უკრაინაში ომის ფონზე, გერმანელი პოლიტიკოსები სამხედრო შეიარაღების უკრაინაში გაგზავნას გადაწყვეტდნენ, რაც ბუნდესვერის აღჭურვილობას კიდევ უფრო შეამცირებდა. მოვლენები ასეც განვითარდა, თუმცა, ომისთვის გერმანიის არასათანადო მზადყოფნას უკრაინაზეც ჰქონდა გავლენა. დეკემბრის თვეში პისტორიუსი ლიტვაში ჟურნალისტებთან და კოლეგებთან ერთად ჩავიდა, სადაც დონეცკიდან Leopard 2-ის ტანკები შესაკეთებლად იყო გამოგზავნილი. როგორც აღმოჩნდა, გერმანული ტანკები, მტრული მოქმედებების მაგივრად, ძირითადად თავისით იყვნენ მწყობრიდან გამოსული. ვიზიტს ესწრებოდა მწვანეთა პარტიის წევრი სებასტიან შეიფერიც, რომელმაც აღიარა, რომ "(რედ. უკრაინისთვის) მიწოდებული საბრძოლო ტანკებიდან, უკრაინაში მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენებაა შესაძლებელი".

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის სტრატეგიულ კულტურაში სამხედრო ძლიერების გაზრდის სურვილი დაბრუნდა, თავდაცვის გაძლიერებაზე დისკუსიას, რიტორიკით დატვირთვის ნაცვლად, მყისიერი ქმედებები სჭირდება, რაც ხელშესახებ შედეგს მოიტანს.

მსგავსი ნაბიჯების მაგივრად, გერმანიის მთავრობა ისეთ პოლიტიკას ჯერდება, რომელიც ზოგიერთში დროებით უსაფრთხოების განცდას აჩენს, მაგრამ არ ცდილობს, თავდაცვაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები გადაჭრას. ყოვლისმომცველი თავდაცვის პოლიტიკის გარეშე კი, ბუნდესვერი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება. მაგალითად, შოლცმა €3.3 მილიარდის ღირებულების ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე თანხმობა განაცხადა, რაც ქვეყნის ახლო-რადიუსის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდის. საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად ეს თავისთავად მისასალმებელი კონტრაქტია, მაგრამ კვლავ გადასაწყვეტია, თუ როგორ აპირებს გერმანია, საშუალო და შორი რადიუსის საიერიშო შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რაც ჯარის ერთ-ერთ სისუსტედ მიიჩნევა.

გერმანია ასევე აშშ-სგან €10 მილიარდის F-35 გამანადგურებლებს იყიდის, რომლებსაც გერმანია 2029 წელს მიიღებს. გერმანია ჩამოთვლილი, და სხვა მრავალი, სამხედრო შეკვეთის მიღებას ამ ათწლეულის ბოლოსთვის შეძლებს, ეგეც იმ შემთხვევაში, თუკი ყველაფერი ვადებში შესრულდება. მაგალითად, 367 სამხედრო სატვირთოს მიღების საკითხი დაფინანსების გამო უკვე შეფერხდა.

ბუნდესვერის მოდერნიზაციის და მზადყოფნაში მოყვანის ასეთი ნელი ტემპის პარალელურად, თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ვლადიმირ პუტინი მომდევნო 5-8 წლის განმავლობაში NATO-ს წევრ ქვეყანას თავს დაესხას. "ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმირ პუტინი ერთხელაც, შესაძლოა, NATO-ს წევრ ქვეყნებსაც დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები ელოდებიან, რომ ეს, შესაძლოა, 5-8 წლის შემდეგ მოხდეს". - განაცხადა პისტორიუსმა 19 იანვარს. ამიტომ, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა, თუ რამდენად შეესაბამება შოლცისეული Zeitenwende-ს რიტორიკა, ევროპაში არსებულ გეოპოლიტიკურ რეალობას.

გერმანიის თავდაცვის პოლიტიკის გაცნობა ცხადყოფს, რომ აღწერილი პრობლემის გადაჭრა ეკონომიკურ საკითხამდე არ დაიყვანება - გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი 2014 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს იზრდებოდა. სანაცვლოდ, ბუნდესვერის ჩავარდნის საფუძვლად მცდარი იდეები და პოლიტიკური ნების არ არსებობა შეიძლება მივიჩნიოთ, რაც, თავის მხრივ, 1970-იანი წლებიდან გერმანიაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული კულტურის დანატოვარია. 

უკრაინაში ომის დაწყებამდე გერმანიის მიერ საგარეო პოლიტიკის აღქმა ძალის პოლიტიკისა და სამხედრო ძლიერების ნაცვლად, ემყარებოდა წარმოდგენას, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობის წახალისებით და დიალოგით ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრაა შესაძლებელი. ამ შეხედულების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გერმანიის ისტორიაში ოსტპოლიტიკის (Ostpolitik) სტრატეგია იყო. ცივი ომის პერიოდში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერის ვილი ბრანდტის მიერ შემუშავებული ეს პოლიტიკა, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ახლო ურთიერთობის დამყარებით ცვლილებების გამოწვევას ისახავდა მიზნად.

 ამგვარად, გერმანელი პოლიტიკოსების წარმოსახვაში ის, რამაც ქვეყნის გაერთიანება გამოიწვია დიალოგი იყო, და არა "შეკავების პოლიტიკა", რასაც აშშ-ს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია ცივი ომის პერიოდში ეყრდნობოდა. ამასთანავე, გერმანელებისთვის ხელსაყრელი იყო ის ფაქტი, რომ მსგავსი მსოფლმხედველობა მათ ეკონომიკურ ინტერესებთან მოდიოდა თანხვედრაში. 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ, სამხედრო ძალაზე ოსტპოლიტიკისეული ხელაღება და ეკონომიკური ინტერესების ქვეყნის უსაფრთხოებაზე წინ დაყენება, ბევრად უფრო ძვირ არჩევანად აქცია.

 შოლცის Zeitenwende-ის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა განცდა, რომ გერმანიის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა მართლაც "ისტორიულ შემობრუნებას" გაივლიდა. ეს წარმოდგენა, გერმანიაში არა მხოლოდ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას გულისხმობდა, არამედ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ფუნდამენტურ გარდაქმნებზე ამყარებდა იმედს. შეიძლება ითქვას, რომ ეს წარმოდგენა მცირედით გამართლდა, რადგან გერმანიის თავდაცვის პოლიტიკაში ცვლილებები ზოგადად ამ მიმართულებით მიდის, მაგრამ ცვლილებების მასშტაბი და ტემპი არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს სათანადო პასუხს ვერ სცემს.

კომენტარები