რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: ბრიუსელის თქმით, უნგრეთის ეკონომიკას დაარტყამს, თუ ორბანი უკრაინის დახმარებას დაბლოკავს

ვიქტორ ორბანი ევროპული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფრანგეთში, სტრასბურგში, 2018 წლის 11 სექტემბერი.
EPA-EFE/PATRICK SEEGER

Financial Times-ის ინფორმაციით, მომდევნო სამიტზე უკრაინის დახმარების დაბლოკვის შემთხვევაში ევროკავშირი უნგრეთის ეკონომიკას სტრატეგიულ დარტყმას მიაყენებს. გამოცემა ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლების მეირ დაწერილი კონფიდენციალური დოკუმენტის საფუძველზე წერს. 

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, თქვა, რომ 1 თებერვალს საგანგებო სამიტზე უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას დაბლოკავდა. FT-ის თანახმად, კონფიდენციალურ დოკუმენტში წერია, რომ ასეთ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების ლიდერებმა საჯაროდ უნდა განაცხადონ, რომ ბუდაპეშტს ყველანაირ დაფინანსებას შეუწყვეტენ. 

როგორც გამოცემა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, ამ დაფინანსების გარეშე "ფინანსური ბაზრები და ევროპული და საერთაშორისო კომპანიები შესაძლოა ნაკლებად დაინტერესდნენ უნგრეთში ინვესტირებით". დოკუმენტის მიხედვით, ასეთ სასჯელს "შეუძლია სწრაფად გამოიწვიოს საჯარო დეფიციტის დაფინანსების ხარჯის ზრდა და დასწიოს ვალუტის კურსი".

FT-ის ცნობით, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნგრეთის ეკონომიკურ სისუსტეებს მიზანმიმართულად ამოიღებენ სამიზნეში, საფრთხეს შეუქმნიან მისი ვალუტის სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდისა თუ სამუშაო ადგილების დასაზიანებლად ინვესტორთა ნდობას შეარყვენ, თუკი უნგრეთი უკრაინის დახმარებისთვის ვეტოს მოხსნაზე უარს იტყვის. 

"ევროპა ასე ეუბნება ვიქტორ ორბანს: საკამრისია, დროა, ხაზში ჩადგე. შეიძლება, პისტოლეტი გაქვს, მაგრამ ჩვენ ბაზუკა გვაქვს". - თქვა მუჟტაბა რაჰმანმა, ფირმა ევრაზიის ჯგუფის ევროპის დირექტორმა. 

უნგრეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, იანოს ბოკამ, Financial Times-თან საუბრისას თქვა, რომ მუქარის შესახებ არ იცოდნენ, მაგრამ მისი ქვეყანა "წნეხს არ ნებდება". 

"უნგრეთი არ აკავშირებს ერთმანეთთან უკრაინის მხარდაჭერასა და ევროკავშირის ფინანსებზე წვდომას და სხვა მხარეებს ამის გაკეთებისთვის უარყოფს. უნგრეთი მოლაპარაკებებში კონსტრუქციულად მონაწილეობდა და ასე მონაწილეობას გააგრძელებს". - თქვა ბოკამ.

ბოკამ გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ბუდაპეშტს სურს, "უფრო კონსტრუქციული და ევროპული გამოსავლის შესაძლებლობა განიხილოს". მისი თქმით, უნგრეთი ევროკავშირს ამჟამინდელი დაფინანსების გეგმის მხარდაჭერას სთავაზობს, ყოველწლიურად გადახდებზე ვეტოს დადების უფლების სანაცვლოდ. თუმცა, ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა ეს შეთავაზება უკვე უარყვეს, რადგან ეჭვობენ, რომ ორბანი დაფინანსებას ყოველ წელს დაბლოკავდა და მათი მხრიდან დამატებით კომპრომისებს მიაღწევდა.

Financial Times-თან საუბრისას ევროკავშირის სამმა დაუსახელებელმა დიპლომატმა თქვა, რომ გეგმას მრავალი წევრი ქვეყანა უჭერდა მხარს. 

"განწყობა უფრო გამკაცრდა. რანაირი კავშირი გვაქვს თუ ამგვარ ქცევას დავუშვებთ?" - თქვა ერთ-ერთმა. 

თეორიულად, 26 წევრ სახელმწიფოს შეუძლია, რომ უკრაინა ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა დააფინანსოს, თუმცა ამას ეროვნულ დონეზე პარლამენტების მიერ რატიფიკაცია სჭირდება, რასაც შესაძლოა დაგვიანებები და გაურკვევლობა მოჰყვეს. 

მანამდე, 2023 წლის დეკემბერში, ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების შემდეგ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა. ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირისგან 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტის საკითხს 2024 წელს თავიდან დაუბრუნდება. 

10 იანვარს, ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის კოორდინატორმა, პეტრი სარვამაამ, ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად პეტიცია შეადგინა.

კომენტარები