პოლონეთი

ვარშავაში ათიათასობით ადამიანი ყოფილი მინისტრების დაკავების გასაპროტესტებლად გამოვიდა

REUTERS/Aleksandra Szmigiel

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ათიათასობით ადამიანი დონალდ ტუსკის მთავრობის რეფორმების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ შეიკრიბა.

დემონსტრანტები საზოგადოებრივ მედიებში გატარებულ რეფორმებსა და ორი პოლიტიკოსის, მარიუშ კამინსკისა და მაჩიეი ვონშიკის დაკავებას აპროტესტებენ.

"ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებელი პოლონეთისთვის". - მიმართა მთავარი ოპოზიციური პარტიის, კანონისა და სამართლის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ აქციაზე შეკრებილ ხალხს.

მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ წინა მთავრობის მინისტრების, კამინსკისა და ვონშიკის შეწყალების პროცესი უკვე დაიწყო.

კამინსკი და ვონშიკი დუდამ ერთხელ, 2015 წელს, უკვე შეიწყალა, მაგრამ პოლონეთის უზენაესმა სასამართლომ  შეწყალება კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნია, რადგან პრეზიდენტმა განაჩენამდე ორი კვირით ადრე იმოქმედა. დუდას თქმით, ამჯერად ის სიფრთხილეს გამოიჩენს და კანონით გათვალისწინებულ პროცედურას დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მედიის პოლონეთის ბეჭდვის სააგენტოს (PAP) ცნობით, საპროტესტო აქციაში დაახლოებით 35 000 ადამიანი მონაწილეობდა, ოპოზიციური პარტია კანონი და სამართალი კი აცხადებს, რომ ვარშავის ქუჩებში 200 000-მდე ადამიანი გამოვიდა.

აქციის მონაწილეებმა ჯერ პოლონეთის პარლამენტთან კანონისა და სამართლის დეპუტატების გამოსვლებს უსმინეს, შემდეგ კი სახელმწიფო მედიების ოფისებისკენ მსვლელობით დაიძრნენ.


დონალდ ტუსკის მთავრობამ გასული წლის დეკემბერში პოლონეთის საზოგადეობრივი მაუწყებლის (TVP), პოლონური რადიოსა და პოლონეთის ბეჭდვის სააგენტოს (PAP) ხელმძღვანელობა და სამეთვალყურეო საბჭოები დაითხოვა.

გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტმა რეზოლუცია გამოსცა, რომელშიც პოლონეთის კულტურის სამინისტროს "სანდო ინფორმაციაზე მოქალაქეთა წვდომის, საჯარო მედიის ფუნქციონირებისა და მათი დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის" აღსადგენად გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

ეს ნაბიჯი პოლონეთის ახალი მთავრობის დაწყებული რეფორმების ტალღის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ახალმა პარლამენტმა ყოფილი მთავრობის ქმედებების გამოსაძიებლად სპეციალურ კომისიები შექმნა და უსაფრთხოების სააგენტოების ხელმძღვანელობა შეცვალა. ყოფილი მთავრობის კრიტიკოსთა თქმით, წინა მთავრობა სახელმწიფო მედიასაც მკაცრად აკონტროლებდა. 

10 იანვარს კი ვარშავაში პოლონეთის პოლიციამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე, მაჩიეი ვონშიკი დააკავა.

პოლიტიკოსები დააკავეს 9 იანვრის ღამეს, პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ისინი საკუთარი მრჩევლების დანიშვნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ დაიბარა. დუდა დაკავების დროს შენობაში არ იმყოფებოდა, ის ბელვედერის სასახლეში იყო და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხვდებოდა.

პოლიციამ აღნიშნა, რომ კამინსკი და ვონშიკი სასამართლოს მიერ 8 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. პოლიტიკოსები დაკავებით გაკვირვებული იყვნენ, თუმცა, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. 

2015 წელს ვარშავის სასამართლომ მარიუშ კამინსკისა და მაჩიეი ვონშიკს თავისუფლების 3 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მათ 2007 წლის ე.წ. მიწის საქმეში ძალაუფლების გადაჭარბება ედებოდათ ბრალად.

2007 წელს კამინსკი პოლონეთის ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი იყო და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ მაღალჩინოსნები მიწის ნაკვეთების ოპერაციებში დახმარებისთვის ქრთამს იხდიდნენ.

2015 წელს კამინსკი და ვონშიკი ანდჟეი დუდამ შეიწყალა, თუმცა 2023-ში უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმის ხელახალი გადახედვა დაიწყო. დეკემბრის ბოლოს სასამართლომ კამინსკისა და ვონშიკს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა შეუფარდა. მათ ჩამოერთვათ სეიმში არსებული მანდატებიც, რომლებიც პარტია კანონი და სამართლიანობის ფარგლებში ჰქონდათ. ამავე პარტიის წევრია პრეზიდენტი დუდაც.

მთავრობის მიერ პოლიტიკოსების დაკავებას პარტია კანონი და სამართლიანობის წევრების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ახალი პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს. 

კომენტარები