რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იელენი: თუ უკრაინას არ დავეხმარებით, მისი ომში დამარცხება ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება

ჯანეტ იელენი
Getty Images/AFP

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, ჯანეტ იელენის თქმით, ომში რუსეთის გამარჯვებაში პასუხისმგებელი კონგრესი იქნება, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წადგენილ უკრაინის დახმარების უახლეს პაკეტს არ დაამტკიცებს. 

იელენმა მექსიკაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის აღნიშნული დახმარება "აბსოლუტურად აუცილებელია". 

"მე და ჩემი კოლეგებიც ვესაუბრეთ კონგრესის წევრებს. მგონია, მათ ეს ესმით, რომ ეს საშინელი სიტუაციაა და ჩვენ უნდა პასუხისმგებლობა ავიღოთ უკრაინის დამარცხებაზე, თუ მას ამ დახმარებას არ მივაწვდით და მე ვგულისხმობ ასევე ბიუჯეტის პირადპირ დახმარებას, რადგან ეს აბსოლუტურად აუცილებელია". – ამბობს იელენი. 

სახაზინო მდივნის თქმით, უკრაინა იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე იღებს.

"უკრაინას უთავდება ფული. ისინი იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე იღებენ. გადასახადებში, სამხედროების ხელფასებსა და თავდაცვაში. ჩვენ მიერ მიცემული ფული რომ არა, მათ აღარ დარჩებოდათ სკოლები, საავადმყოფოები ან საგანგებო სამსახურის თანამშრომლები". – თქვა იელენმა.

დემოკრატებმა აშშ-ს სენატში ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების შესწორებული პაკეტი წარადგინეს. 111 მილიარდი დოლარის პროექტიდან 15 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად არის გათვალისწინებული. სავარაუდოდ, კანონპროექტს საპროცედურო კენჭისყრაზე დღეს გაიტანენ.

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, უკრაინის დახმარებაზე უარის თქმა აშშ-ს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

5 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო ზარით უნდა ჩართულიყო აშშ-ს სენატში და წარმომადგენელთა პალატაში, თუმცა, როგორც ირკვევა, ვიდეო ზარები ბოლო მომენტში გაუქმდა.

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო მაღალი რანგის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან. როგორც ცნობილია, შეხვედრის გადადების მიზეზი უკრაინის დაფინანსების საკითხის ჩიხში შესვლაა.

კომენტარები