საქართველო-ევროკავშირი

ზურაბიშვილი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა EU-ში ერთდროულად შევლენ

ფრანგულ ტელეარხ LCI-სთან მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში ერთდროულად მიიღებენ. მისი თქმით, ეს სამი ქვეყანა გარკვეულ "ტრიოს" წარმოადგენს.

"მე ვფიქრობ რომ ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030 წელს, 2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო ე.წ. "big bangs". მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა". – თქვა ზურაბიშვილმა.

მანვე განმარტა, რომ უმთავრესი მიზეზი, რატომაც ისახავს მიზნად საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას არის უსაფრთხოება. პრეზიდენტის თქმით, საქართველო ევროკავშირისგან სხვა ფაქტორებთან ერთად სამხედრო დახმარებასაც მოელის, რაც ქართული საზოგადოებისთვის ევროინტეგრაციის უმთავრეს მოტივს წარმოადგენს.

"აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვი, მაგრამ ძალიან დიდი უმრავლესობა, ევროინტეგრაციის უმთავრეს მოტივად უსაფრთხოებას ასახელებს, რომელსაც კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე წინ აყენებს. არის შეგრძნება, რომ როდესაც ხარ მეორე მხარეს, დაცული ხარ, არა სავალდებულოდ სამხედრო კუთხით. არის შეგრძნება, რომ მეორე მხარეს რუსეთი ვეღარაფერს გაბედავს". – თქვა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე რიგი ევროპული ქვეყნები რუსეთთან რბილ პოლიტიკას ატარებდნენ და დაძაბულობას ერიდებოდნენ, რის გამოც საქართველოს ოკუპაცია და 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია გარკვეულწილად უყურადღებოდ რჩებოდათ.  

"ერჩიათ მასთან [რუსეთთან] საქმის დაჭერა და იმის ფიქრი, რომ მოახერხებდნენ მის შეცვლას და რაღაც მომენტში, აღმოვჩნდით რუსეთის წინაშე, იმ რეალობის წინაშე, რომ რუსეთი არ იცვლებაუკრაინაში ნათლად ჩანს რა არის რუსეთი, მოკლებული ყველანაირ დისიმულაციას და აქ უკვე აღარ შეიძლება თავის მოტყუება". – თქვა ზურაბიშვილმა. 

მანვე დაამატა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა და ევროპამ რუსეთის რეალური საფრთხე და საშიშროება დაინახა, ამიტომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას "ტრიოს" უფრო მეტად უდგანან გვერდში.

"ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, როცა ვხედავ, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ძირითადი  მხარდამჭერები არიან საფრანგეთი, გერმანია, ისინი, ვინც გუშინ, ბუქარესტში მაგალითად, დაბლოკა ნატოში კანდიდატურები. ძალიან დიდი გზა უკვე გავლილია, რაც სწორედ სიბრმავის დასასრულია. ვფიქრობ, უფრო მკაფიოდ ჩანს ის, თუ სად არის გამოწვევები და რის უფლება აღარ შეიძლება ჩვენს თავს მივცეთ. რეალურად ამან გახსნა გაფართოების ეს გზა ამ ქვეყნებისთვის". – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი სამომავლოდ არარეალისტურად მიიჩნევს რუსეთის სრულ დაშლაზე საუბარს და თვლის, რომ ომის საბოლოო მიზანს წარმოადგენს რუსეთის იძულება, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს პატივი სცეს. ის მიიჩნევს, რომ რუსეთთან ომი "მოლაპარაკებით" დასრულდება, მაგრამ ხაზს უსვამს და იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით მისი საოკუპაციო რეჟიმი ყველგან, მათ შორის საქართველოშიც, დასრულდება.

"მოლაპარაკებებით უნდა მოხდეს რუსეთის იძულება, რომ ის გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს საბოლოო მოლაპარაკების გამოწვევაა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან რუსი სამხედროების გამოსვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს". – თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარები