აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და სი ძინფინგი ერთმანეთს 15 ნოემბერს, სან ფრანცისკოს აზია-წყნარი ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზე (APEC) შეხვდებიან. ეს იქნება 2023 წელს აშშ-სა და ჩინეთის ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის მიხედვით, ლიდერები განიხილავენ საკითხებთა ფართო სპექტრს, დაწყებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტითა და რუსეთ-უკრაინის ომით და დამთავრებული აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებით.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტი სი აშშ-ს 14-17 ნოემბრის პერიოდში ეწვევა.
6 ნოემბერს, ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა გაავრცელა სტატია, რომლის მიხედვით, 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ირანის, ჩინეთისა და რუსეთის სამთავრობო მედიები ჰამასს ისრაელის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში ეხმარებიან. გამოცემის ცნობით, ისინი პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმებზე ჰამასის ნარატივის გავრცელების ხელის შეწყობის პარალელურად, ისრაელის მხრიდან თავდაცვისთვის გადადგმულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგებიან.
გუშინ, მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ჭანგ იოუსიას შეხვედრა გაიმართა.
"ურთიერთობა ჩინეთსა და რუსეთს შორის ნდობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული სტრატეგიული თანამშრომლობის კარგი მაგალითია. ჩვენ დასავლეთის აგრესიული ქვეყნებისგან განსხვავებით, არ ვქმნით სამხედრო ბლოკს". – ამბობს შოიგუ.