საქართველო-ევროკავშირი

ახალი და კვლავ შესასრულებელი ძველი მოთხოვნები ევროკომისიისგან

საქართველო-ევროკავშირი

ახალი და კვლავ შესასრულებელი ძველი მოთხოვნები ევროკომისიისგან

2022 წელს წარდგენილი 12 პირობის ნაწილობრივ შესრულების ფონზე, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი შემდეგი რეფორმების გატარების პირობებში:

  • ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა;
  • ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება;
  • პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი განხილვა, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა უფრო ინკლუზიური გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
  • თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმის დასრულება, მათ შორის, არჩევნებამდე მუშაობის დაწყება ელექტორატის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად;
  • საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  • ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დანერგვა და დასრულება. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის სამსახურის სრულფასოვანი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით;
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
  • მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  • ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ საფრთხისშემცველ შემთხვევებზე და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობისა და თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფა.

რა არის ახალი და რა შეიცვალა 

გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკომისია მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად.

"საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ეროვნული ინტერესების საკითხებზე კონსენსუსის შესაქმნელად საჭიროა პოლიტიკური დეპოლარიზაცია და მმართველი პარტიის უფრო პოზიტიური ჩართულობა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან" . - ნათქვამია ევროკომისიის გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

გარდა ამისა, რეკომენდაციების სახით ევროკომისია გამოყოფს 2 ახალ პუნქტს, რომელიც 12 რეკომენდაციის აქამდე წარდგენილ სიაში არ ყოფილა: 1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასთან ბრძოლის მნიშვნელობა; 2. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოების საჭიროება. 

ამასთანავე, ევროკომისიის გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს. 

თუმცა, ამის პარალელურად ევროკომისია აღნიშნავს, რომ "საქართველო არ შეესაბამება ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს რუსეთისა და ბელარუსის მიმართ და არც ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებს".

"2023 წლის მაისში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ ასევე შეშფოთება გამოიწვია მის საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან შეთანხმების ვალდებულებებთან დაკავშირებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად". - აღნიშნულია ევროკომისიის შეფასებაში. 

რაც შეეხება 12 რეკომენდაციის გათვალისწინებული რეფორმების შესრულება, დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღარ გვხვდება შემდეგი რეკომენდაციები:

  • გენდერული თანასწორობის ზრდისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის გაძლიერება;
  • კანონის მიღება, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;
  • სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში დამოუკიდებელი პიროვნებისთვის უპირატესობის მინიჭება პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის; აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვა.

რაც შეეხება ცვლილებებს, დღეს გამოქვეყნებულ 9 რეკომენდაციაში ერთ პუნქტადაა დაჯგუფებული აქამდე 2 სხვადასხვა რეფორმის სახით მოცემული მიმართულებები: კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

ამასთან, დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში 1 პუნქტადაა მოცემული სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის, ადამიანის უფლებებისა და მედია წარმომადგენლებისთვის საფრთხისშემცველ საქმეებზე დროული და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფის კუთხით რეფორმების გატარების საჭიროებები. 

გარდა ამისა, რეკომენდაციების ახალ პაკეტში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი შემდეგი რეფორმა - საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.


2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა იმავე წლის 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა.

პირობები, რომლითაც ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დაჰპირდა

კომისიის შეფასებაზე დაყრდნობით 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო კენჭს უყრის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სავარაუდოა, რომ საბჭო მხარს სწორედ ევროკომისიის მიერ რეკომენდირებულ გადაწყვეტილებას დაუჭერს.

რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, თუმცა მეტწილად სიმბოლურ ეტაპად ითვლება.

ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგი ნაბიჯი გაწევრიანების გრძელვადიანი მოლაპარაკებების დაწყება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis) ქვეყნის დაახლოებაა. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კვლავ წარადგენს აზრს ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. ყველა წევრი ქვეყნისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება.

ევროკავშირის ამჟამინდელი 21 წევრის (დამფუძნებელი წევრების გარეშე) ბლოკში გაწევრიანების საშუალო დრო 9 წელია. რა თქმა უნდა, თითოეული ქვეყნის შემთხვევაში ვადები განსხვავებულია და დამოკიდებულია ქვეყნის მზაობაზე, საჭირო რეფორმების რაოდენობაზე, გლობალურ პოლიტიკასა და სხვა ფაქტორებზე.

ვრცლად ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის დინამიკასა და განწყობებზე წაიკითხეთ აქ

ამჟამად ევროკავშირს წევრობის 8 კანდიდატი ჰყავს. მათ შორის სტატუსი ყველაზე ადრე, 1999 წელს თურქეთმა მიიღო, შესაბამისად, ის ყველაზე სტაჟიანი, მაგრამ ამავე დროს ყველაზე უიმედო (ორმხრივად) კანდიდატია. მას მოჰყვა ჩრდილოეთ მაკედონია 2005 წელს, მონტენეგრო – 2010 წელს, სერბეთი – 2012 წელს, ალბანეთი – 2014 წელს. 2022 წელი ბოლო ათწლეულებში ევროკავშირის გაფართოების ისტორიისთვის უპრეცედენტო წელი იყო – ამ წელს კანდიდატის სტატუსი სამ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მიენიჭა.

რატომ ახლა და არა შარშან? – ბოლო წლებში ევროკავშირში მიმდინარე პროცესებისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკის კავშირებზე ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში ტაბულას არქივიდან

კომენტარები