კანდიდატის სტატუსი

წითლიძე: სტატუსი საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იქნება

ანა წითლიძე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დეპუტატი ამბობს, რომ პრორუსული მთავრობის მიუხედავად, ქვეყანამ და მოქალაქეებმა ეს შანსი არ უნდა დაკარგონ.

"საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ჩვენი ისტორიული თვითმიზანი კი არის, რომ ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ - მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი იქნება [...] საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ ქვეყანას როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს, საქართველომ და მისმა მოქალაქეებმა ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა არ უნდა დაკარგონ. ნაციონალური მოძრაობა არის იმის მთავარი ლობისტი, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს". - თქვა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

წითლიძის თქმით, საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ევროპული ოჯახის წევრობა მეტწილად რეგიონში უსაფრთხოების გარანტია. 

კომენტარები