ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

UNRWA: ღაზის სექტორში დაღუპულთა თითქმის 70% ბავშვები და ქალები არიან

გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელი, ფილიპ ლაცარინი
AP

გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელის, ფილიპ ლაცარინის თქმით, ღაზის სექტორში დაღუპულთა თითქმის 70% ბავშვები და ქალები არიან. ამის შესახებ ლაცარინიმ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრა.

"[ღაზის სექტორში] დაღუპულთა თითქმის 70% ბავშვები და ქალები არიან. ორგანიზაცია Save the Children-ის ცნობით, ბოლო 3 კვირაში, ღაზის სექტორში თითქმის 3 200 ბავშვი დაიღუპა. ეს მონაცემები ასწრებს 2019 წლის შემდეგ, სხვადასხვა კონფლიქტის ზონებში მოკლული ბავშვების წლიურ რაოდენობას". - თქვა ლაცარინიმ.

ამავდროულად, ფილიპ ლაცარინიმ ღაზის სექტორის ბლოკადას "კოლექტიური სასჯელი" და ბლოკადის შედეგად გამოწვეულ კრიზისზე ისაუბრა.

"ძალიან ბევრი ადამიანი მოკვდა და დაშავდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით დაცული უსაფრთხო ადგილების ძებნის დროს. ღაზის სექტორზე დაწესებული ამჟამინდელი ბლოკადა კოლექტიური სასჯელია. ორკვირიან სრულ ბლოკადას გასულ კვირაში დახმარების წვეთები მოჰყვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიკამენტები თავდება, საკვებისა და წყლის მარაგი იწურება, თითქმის აღარ დარჩა საწვავიც". - აღნიშნა ლაცარინიმ.

გარდა ამისა, ლაცარინიმ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრებს მოუწოდა, რომ იმუშავონ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან ეს მილიონობით ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს.

"ამ ბნელ დროში, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ადამიანობა. ჩვენი ემპათია უნდა ეხებოდეს ყველას – პალესტინელებს, ისრაელელებს, ებრაელებს, ქრისტიანებსა და მუსლიმებს. ომის წესები უნდა უნდა დაიცვას ყველა მხარეს, ყოველთვის და ყველგან. დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა მილიონობით ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გახდა. პალესტინელებისა და ისრაელელების მომავალი ამაზეა დამოკიდებული. დაჟინებით გთხოვთ ყველა წევრ ქვეყანას, შეცვალეთ ამ კრიზისის ტრაექტორია და იმუშავეთ რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტაზე, სანამ ძალიან გვიანი იქნება". - თქვა ლაცარინიმ.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები