გერმანია

შოლცი: გერმანიიდან ხალხი უფრო ხშირად და უფრო ჩქარა უნდა დავადეპორტოთ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
Markus Schreiber/AP

Der Spiegel-ისთვის 20 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყანაში არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანთა დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ.

ანტისემიტიზმის ზრდის ფონზე, Der Spiegel-ის ჟურნალისტმა ოლაფ შოლცს ჰკითხა, აიგნორებდნენ თუ არა გერმანიის მთავრობაში გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფებში, "არაბული წარმოშობის ხალხში" ისრაელის მიმართ "ღრმა სიძულვილს". კანცლერის თქმით, ამ საკითხს თვალს დიდი ხნის განმავლობაში ადევნებდნენ, რასაც Der Spiegel-ის მომდევნო კითხვა მოჰყვა: "უნდა აქცევდეს თუ არა გერმანია მეტ ყურადღებას ვინ ჩადის ქვეყანაში და ვის ეძლევად დარჩენის უფლება?" პასუხად შოლცმა თქვა, რომ ამას გერმანია დიდი ხანია რაც აკეთებს, თუმცა ახლა პროცესი კიდევ უფრო გამკაცრდება.

"ერთი მხრივ, ხდება მუშების ემიგრაცია, რაც გვჭირდება. არიან ისინიც, ვინ პოლიტიკური დევნის სამიზნეები არიან და თავშესაფარს ეძებენ. თუმცა, მეორე მხრივ, ყველას, ვინც ამ ჯგუფებს არ ეკუთვნის, დარჩენა არ შეუძლიათ. ამიტომ ვზღუდავთ გერმანიაში არალეგალურ მიგრაციას. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის". – თქვა შოლცმა.

კანცლერმა ისაუბრა იმ მეთოდებზეც, რომლებითაც გერმანიაში მიგრაცია შეიზღუდება.

"საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს ევროკავშირის წევრობა სურს, შესაბამისად, შეუძლებელია დავასკვნათ ამ ქვეყნებში სისტემური დევნის არსებობა. ვაძლიერებთ ევროკავშირის გარე საზღვრების დასცვას, რათა ევროპაში ნაკლები ხალხი შემოვიდეს და შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები დარეგისტრირდებიან პირველ ქვეყანაში, სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად. სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ ევროპაში. ევროპარლამენტი, იმედია, ამ მექანიზმს მომდევნო თვეებში მიიღებს". – თქვა კანცლერმა.

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

როგორც Der Spiegel-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდება და შოლცს ჰკითხა, თუ რა შეუძლია გერმანიამ მოკლე ვადაში მოიმოქმედოს.

"როგორც ბრიუსელი გავაფრთხილეთ, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებზე კონტროლი გავამკაცრეთ. გვსურს შევამციროთ აქ არალეგალურად დარჩენის მოტივაცია. თუ გერმანიის შტატები იტყვიან, რომ მათ სურთ გაიღონ მატერიალური სოციალური დახმარება ფულის ნაცვლად, ამას დავთანხმდებით. თუ სურთ თავშესაფრის მაძიებლებისთვის სადებეტო ბარათების დაწესება, ამასაც მხარს დავუჭერთ. ამას გარდა, ვფიქრობთ, სწორი იქნება თავშესაფრის მაძიებლებისთვის საზოგადოებრივი სამსახურის გახსნა". – უპასუხა შოლცმა შეკითხვას.

შოლცმა აღნიშნა, რომ "საბოლოოდ, ფართომასშტაბურად უნდა დაიწყოს იმ ხალხის დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს". გერმანიის კანცლერისთვის მიუღებელია დროში გაჭიანურებული ბიუროკრატიული პროცესი, რაც არალეგალთა დეპორტაციისთვისაა საჭირო. მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია პროცესის გაციფრულება. ოლაფ შოლცის აზრით, გერმანიამ უნდა დაიწყოს არალეგალების უფრო ჩქარი და ხშირი დეპორტაციის პროცესი.

"ისინი, ვინც ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან ვერ დაამტკიცეს, რომ დაცვა სჭირდებათ, უკან უნდა დაბრუნდნენ. ეს რომ შესაძლებელი გახდეს, ჩვენი საჯარო ხელისუფლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, რადგან, როდესაც ფედერალური პოლიცია [არალეგალ მიგრანტს] დააკავებს, მათი დეპორტაცია აუცილებლად შედგეს. ამას გარდა, უნდა შევუდგეთ საემიგრაციო ოფისის გაციფრულებას - ქაღალდების ეპოქა უნდა დასრულდეს.  პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის აპლიკაციები და ინტერვიუები საწყისი მიღების დაწესებულებებში უნდა ჩატარდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებებიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ შტატში, დეპორტაციის საქმეების გადაწყვეტილებებს 4 თვის შემდეგ იღებენ, ზოგან კი 39-ში. ეს მიუღებელია. ხალხის დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო ჩქარა უნდა მოვახდინოთ". – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

კომენტარები