ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბერბოკი: ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოვყოფთ

Morris MacMatzen/Getty Images

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს და ადგილზე სამედიცინო ჯგუფებსაც გაგზავნის. ამის შესახებ ბერბოკმა ამანში, იორდანიელ კოლეგასთან, აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ეს კრიზისული მდგომარეობა, რომელი ჰამასის საშინელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა გამოიწვია, ამავდროულად ნიშნავს კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში". - თქვა ბერბოკმა.

როგორც ბერბოკმა აღნიშნა, გერმანიის გამოყოფილი თანხა დაეხმარება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა მსოფლიო სასურსათო პროგრამა, UNICEF და გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო (UNRWA).

იორდანიაში ვიზიტის შემდეგ ბერბოკი კვლავ ისრაელში დაბრუნდა, მომდევნო დღეებში კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანსა და ეგვიპტეს ეწვევა.

იორდანიაში გამგზავრებამდე ბერბოკმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი "ისრაელის თავდაცვის უფლებას ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის წინააღმდეგ" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰამასი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას "ცოცხალ ფარად" იყენებს.

კომენტარები