აშშ-ჩინეთი

პენტაგონი: ჩინეთის ბირთვული იარაღის არსენალი მკვეთრად გაიზარდა

ჩინური ბირთვული შესაძლებლობის მქონე კონტინენტთაშორისი რაკეტები პეკინში გამართულ პარადზე.
Tao Liang/Xinhua/Alamy

ბოლო წლის განმავლობაში, ჩინეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ბირთვული შეიარაღება და ახლა მის არსენალში 500-მდე ოპერატიული ბირთვული ქობინია. ჩინეთის გეგმით, 2030 წლამდე ბირთვულ არსენალში ქობინების რაოდენობა ათას ერთეულს გადააჭარბებს - ნათქვამია პენტაგონის ყოველწლიურ ანგარიშში. 

2021 წლის პენტაგონის ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის ბირთვული შეიარაღებაში 400-მდე ბირთვული ქობინი შედიოდა. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად წარმოების სწრაფი ტემპისა, ჩინეთის ბირთვული შეიარაღება ჩამორჩება რუსეთისა (5 889 ქობინი) და აშშ-ს (5 244 ქობინი) ბირთვულ არსენალს.

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ისინი [ჩინეთი] მკვეთრად არ ასცდებიან გაცხადებულ გეგმას, თუმცა მივიჩნევთ, რომ წარმოებული იარაღის რაოდენობა წინასწარ მოლოდინებს გადააჭარბებს, რაც ამერიკული მხარისთვის შემაშფოთებელია" – ამბობს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სი ძინფინგმა ჩინეთის თავდაცვის მოდერნიზება და 2049 წლამდე მსოფლიო სტანდარტების შეიარაღების შექმნა დააანონსა. 

აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების გამშვებ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა პეკინმა 2022 წელს დაასრულა. მათი თქმით, ახალი ობიექტები კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტის (ICBM) 300 გამშვებ დანადგარს მოიცავს. 

"ჩინეთის არმია მუშაობდა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროექტზე, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ საფრთხე შეექმნათ კონტინენტურ ამერიკისა და მისი ტეროტორიებისთვის ჰავაისა და ალიასკაზე" – ნათქვამია პენტაგონის ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ "ჩინეთი ერთგული რჩება "პირველი დარტყმის შეკავების" პოლიტიკის, და მისი [ბირთვული იარაღის] გამოყენების, როცა შეკავება ვერ ხერხდება."

კომენტარები