შეჩერების მექანიზმი

2022 წელს საქართველოდან EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81%-ით გაიზარდა – ანგარიში

თბილისის აეროპორტი

ევროკომისიამ ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს რიგით მეექვსე ანგარიში წარუდგინა, სადაც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

18 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს გასულ წელთან შედარებით საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81%-ით გაიზარდა. მაშინ, როცა თავშესაფრის მოთხოვნაზე 2021 წელს 14 635 განაცხადი იყო შეტანილი, 2022 წელს ეს რიცხვი 26 450-მდე გაიზარდა.

2021 წლის მონაცემებთან შედარებით, 87%-ით, 11 695-დან 21 910-მდეა გაზრდილი საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვიც, ვინც ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება.

ამასთან, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებიდან 3 970 ქართველი გააბრუნეს. 50%-ით, 16 275-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვისი საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაც მიიღეს, 7 760 მათგანი იმავე წელს გამოაძევეს ევროკავშირიდან.

ახალ ანგარიშში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობასა და რეკომენდაციების შესრულების ხარისხზეცაა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პროგრესი აქვს, თუმცა სრულად არ შესრულებულა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ჯერ კიდევ შესასრულებელი აქვს წინა ანგარიშში გაცემული რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს დამოუკიდებლობა.

ანგარიშის ავტორები ასკვნიან, რომ, საერთო ჯამში, საქართველო ვიზალიბერალიზაციის სტანდარტების შესაბამისობაშია, თუმცა, გასცემენ დამატებით რეკომენდაციებსაც და მოითხოვენ:

  • ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან მეტ შესაბამისობას, რაც ითვალისწინებს იმ მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას, საიდანაც ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია ხორციელდება;
  • თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად ყოფნის აღსაკვეთად ქმედებების გააქტიურებას;
  • მიგრანტთა კონტრაბანდის შესახებ EMPACT-ის ოპერატიული სამოქმედო გეგმის ქმედებებში მონაწილეობას;
  • აქტივების აღდგენისა და მართვის ოფისის შექმნასა და აქტივების აღდგენის, მოკვლევის, გაყინვის, კონფისკაციისა და განადგურების ძალისხმევის გაძლიერებას;
  • ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღებას, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის აღსაკვეთად;
  • ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერვისებზე კანონმდებლობის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანას.

კომენტარები