ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მაინცმა ფეხბურთელი პროპალესტინური "სთორის" გავრცელების გამო კლუბსა და ვარჯიშებს ჩამოაშორა

გერმანულმა საფეხბურთო კლუბმა მაინცმა მაროკოული წარმოშობის ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ანვარ ელ ღაზი პროპალესტინური "სთორის" გავარცელების გამო გუნდსა და ვარჯიშებს ჩამოაშორა.

გერმანული კლუბის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი 28 წლის ვინგერის მიერ "ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ კლუბისთვის მიუღებელი პოზიციის გამოთქმა" გახდა.

"გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დეტალური განხილვა კლუბის დირექტორთა საბჭოსა და ფეხბურთელს შორის. მაინცი პატივს სცემს დეკადების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კომპლექსური კონფლიქტის შესახებ განსხვავებულ ხედვებს. თუმცა, კლუბი ცხადად დისტანცირდება გავრცელებული პოსტის შინაარსისგან, რადგან ის არ გამოხატავს ჩვენი კლუბის ღირებულებებს". - წერია განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საუბარია ელ ღაზის მიერ გამოყენებულ პოპულარულ პალესტინურ პოლიტიკურ სლოგანზე – "მდინარიდან ზღვამდე", რომელსაც ებრაული მხარე ანტისემიტურად მიიჩნევს.

ანვარ ელ ღაზი გერმანულ მაინცს 22 სექტემბერს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სხვადასხვა დროს ნიდერლანდელი ვინგერი აიაქსში, ლილში, ასტონ ვილაში, ევერტონსა და პსვ-ში თამაშობდა. ელ ღაზის ნიდერლანდების ეროვნული მაისურით 2 მატჩი აქვს გამართული.

კომენტარები