პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ოხანაშვილი ზურაბიშვილზე: კონსტიტუციის დარღვევის არდადგენა კითხვას გააჩენს

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევას არ დაადგენს, ამასთან დაკავშირებით, სამართლებრივი კითხვები გაჩნდება.

"სამართლებრივად, გადაწყვეტილება 14 ოქტომბერს უწევს, თუმცა, ვერ გეტყვით, საკონსტიტუციო სასამართლო როგორ იმოქმედებს [...] რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას და ეს უნდა დადგინდეს [...] კონსტიტუციის დარღვევა ხელისგულზე დევს. ამის არდადგენა, რა თქმა უნდა, სამართლებრივად კითხვას გააჩენს - არა მხოლოდ ჩვენი, არამედ, ნებისმიერი იურისტის მხრიდან, რომ კონსტიტუციის დარღვევა ამდენად ხელისგულზე იყო და ეს გადაწყვეტილება რამ განაპირობაო". - თქვა ოხანაშვილმა.

6 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების 3-დღიანი განხილვა დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, პარლამენტი შესაბამის დასკვნას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს, რომელიც 14 ოქტომბერს იწურება.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. 

კომენტარები