სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი

ტურავა: სასამართლო უფლებამოსილია, მოითხოვოს პრეზიდენტის პროცესზე დასწრება

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სასამართლო უფლებამოსილია პროცესზე, სადაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი მოითხოვოს მისი პროცესზე დასწრება.

"თუ ჩვენ ვნახავთ, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი კითხვებზე პასუხობს ირიბად, არაპირდაპირ, არ ვიცი, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ პრეზიდენტის პოზიცია უცნობია და იქნებოდა დასკვნის დასაწერად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, არ დავკმაყოფილდეთ იმ ინფორმაციით, შეკითხვებზე რა პასუხებსაც მივიღებთ და სასამართლო უფლებამოსილია, პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგოდაც კი მოითხოვოს მისი პროცესზე დასწრება". - თქვა ტურავამ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის 27-წლიან ისტორიაში, პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლო იმპიჩმენტზე მსჯელობს. ტურავამ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტის დასწრება სავალდებულოა დასკვნის ჩამოსაყალიბებლად, თუმცა, მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი არ დაესწრება პროცესს, "სასამართლომ 9 მოსამართლის მონაწილეობით უნდა გადაწყვიტოს რამდენად სრულყოფილი იქნება საქმის განხილვა პრეზიდენტის მონაწილეობის გარეშე".


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩემენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს. 

კომენტარები