აშშ-ჩინეთი

დაძაბული ურთიერთობის ფონზე ჩინეთმა აშშ-ს ზოოპარკიდან პანდები გამოითხოვა

ტიან ტიანი, ერთ-ერთი პანდა ვაშინგტონის ზოოპარკში, რომელიც ჩინეთმა გამოითხოვა
Marvin Joseph/The Washington Post

ე.წ. პანდას დიპლომატიის ფარგლებში ჩინეთის მიერ აშშ-სთვის გადაცემული პანდების პეკინში დაბრუნება 7 დეკემბრისთვის იგეგმება.

"პანდას დიპლომატია" არის ქვეყნებთან ურთიერთობის გასამყარებლად პანდების გადაცემის სტრატეგია, რომელიც პეკინი არაერთი წელია, იყენებს.

ვაშინგტონის ზოოპარკიდან ჩინეთში სამი პანდის დაბრუნების შემდეგ, აშშ-ში მხოლოდ ოთხი პანდა დარჩება, რომლებსაც ჩინეთი 2024 წლისთვის გამოითხოვს. 

ანალიტიკოსების აზრით, თუ ჩინეთი და აშშ შეთანხმებებს არ განაახლებენ, ამერიკაში არცერთი გიგანტური პანდა აღარ დარჩება, რაც 1972 წლიდან დღემდე არ მომხდარა.

გარდა ამისა, ჩინეთის მიერ პანდების გამოთხოვის საშიშროების წინაშე დგანან გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია. არაერთი ანალიტიკოსის თქმით, პანდების გამოთხოვა დასავლეთის ქვეყნებსა და პეკინის შორის ურთიერთობის დაძაბვის პარალელურად მოხდა. 

"ჩინეთი ახლა მოითხოვს, რომ პანდების მოვლის პრივილეგიების მქონე ქვეყნები მის მიმართ მეგობრულად იყვნენ განწყობილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთი პანდებს გამოითხოვს". – თქვა ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 5 ივნისს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა "ნდობის გაღრმავებისა და ორი ძალის ურთიერთპატივისცემის" ნიშნად რუსეთს ორი პანდა გადასცა.

"როდესაც ვსაუბრობთ პანდებზე, გვეღიმება... ეს ცხოველები ჩინეთის ეროვნული სიმბოლოა და ჩვენ ძალიან ვაფასებთ მეგობრობის ამ ჟესტს". – აღნიშნა პუტინმა.

მანამდე, 2019 წლის მაისში ჩინეთის მხარემ აშშ-ის კალიფორნიის სან დიეგოს ზოოპარკიდან 26 წლის გიგანტური პანდა პაი იუნი და მისი ექვსი წლის ბელი სიაო ლივუ გამოითხოვა.

კომენტარები