რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი

"დონალდ დაკი", "ნამდვილი ნიკი ჰეილი" და სხვები – რესპუბლიკური პრაიმერის მეორე დებატები

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკური პრაიმერის მეორე დებატებში მონაწილე კანდიდატები: დაგ ბურგუმი, კრის კრისტი, ნიკი ჰეილი, რონ დესანტისი, ვივეკ რამასვამი, ტიმ სკოტი და მაიკ პენსი, კალიფორნია, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, 2023 წლის 27 სექტემბერი
Eric Thayer/Bloomberg via Getty Images

გუშინ, 27 სექტემბერს კალიფორნიაში, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების რესპუბლიკური პრაიმერის მეორე დებატები გაიმართა. მასში შვიდმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. ტრამპმა, პირველის მსგავსად, მეორე დებატებიც გამოტოვა.

Fox News-ის მასპინძლობით გამართულ სატელევიზიო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, სენატორმა სამხრეთ კაროლინადან, ტიმ სკოტმა, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა გაეროში, სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა და დებატებში მონაწილე ერთადერთმა ქალმა, ნიკი ჰეილიმ, ახალბედა პოლიტიკოსმა, ვივეკ რამასვამიმ, ნიუ-ჯერსის ყოფილმა გუბერნატორმა, კრის კრისტიმ, ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორმა, დაგ ბურგუმმა და ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა.

აღსანიშნავია, რომ შვიდივე კანდიდატის საერთო რეიტინგი დაახლოებით 37%-ია, მაშინ, როცა ტრამპის რეიტინგი, 23 აგვისტოს გამართული პირველი დებატების გამოტოვების მიუხედავად, 52%-დან სექტემბერში 54%-მდე გაიზარდა.

სწორედ ამიტომ, პირველი დებატებისგან განსხვავებით, გუშინ კანდიდატები ტრამპს პირდაპირ დაესხნენ თავს.

"ის ამაღამ ამ სცენაზე უნდა იყოს". - თქვა რეიტინგით მეორე კანდიდატმა, რონ დესანტისმა, რომელიც ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში დანარჩენი კანდიდატებისგან გამორჩეული შედეგების დადებას ვერ ახერხებს.

ყოფილი პრეზიდენტი გააკრიტიკა ვივეკ რამასვამიმაც, რომელმაც პირველ დებატებში ტრამპს "21-ე საუკუნის საუკეთესო პრეზიდენტი" უწოდა.

"დიახ, პატივს ვცემ დონალდ ტრამპს და მის მემკვიდრეობას, რადგან ეს სწორია, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანას გავაერთიანებთ, რათა ამერიკა უპირველეს ყოვლისა დღის წესრიგი შემდეგ დონეზე ავიყვანოთ. ამის გაკეთებას კი სხვა თაობა დასჭირდება". - თქვა რამასვამიმ.

სცენიდან ტრამპს მიმართა კრის კრისტიმაც.

"დონალდ, ვიცი, გვიყურებ. თავს ვერ უშველი. თავს არიდებ ამ ყველაფერს. და ნება მომეცი გითხრა, რაც მოხდება. ასე თუ გააგრძელებ, აქ დონალდ ტრამპს აღარავინ გიწოდებს. ჩვენ დონალდ დაკს დაგიძახებთ". - თქვა კრისტიმ. ინგლისურად სიტყვა duck (ქართულად დაკი) რაიმეს აცილების, ან დამალვის მიზნით თავის უეცარ დახრას ნიშნავს. ამასთან, duck-ს იხვის მნიშვნელობაც აქვს.

მეორე დებატებში თავი გამოიჩინა სამხრეთ კაროლინას ყოფილმა გუბერნატორმა, ნიკი ჰეილიმ. ის რონ დესანტისს დაესხა თავს, ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებით მისი პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "არ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგია". ჰეილის მტკიცებით დესანტისმა ფლორიდაში ნავთობის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების მოწყობა აკრძალა, თუმცა გუბერნატორმა ამას "ტყუილი" უწოდა.

ჰეილი ტიმ სკოტსაც დაესხა თავს, შემდეგ კი ვივეკ რამასვამი მისი საგარეო პოლიტიკის ხედვის გამო გააკრიტიკა.

"გულწრფელად, რამდენჯერაც გისმენ, უფრო სულელად ვგრძნობ თავს იმის გამო, რასაც ამბობ". - უთხრა ჰეილიმ რამასვამის, მას შემდეგ რაც ახალბედა პოლიტიკოსმა დაიცვა გადაწყვეტილება, კამპანია TikTok-ზეც ეწარმოებინა.

დებატებში ჰეილის აშკარა დომინაცია ტრამპის კამპანიამ, როგორც ჩანს, საფრთხედ აღიქვა და ღონისძიების მიმდინარეობისას სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორის შესახებ საინფორმაციო მასალის ცირკულირება დაიწყო სახელწოდებით ნამდვილი ნიკი ჰეილი.

ვივეკ რამასვამი, ახალბედა პოლიტიკოსი, სხვა კანდიდატების თავდასხმის ობიექტიც გახდა.

მას შემდეგ, რაც მან სცენაზე შეკრებილ კანდიდატებს "კარგი ხალხი" უწოდა, სკოტმა რამასვამის გაახსენა მისივე სიტყვები, რომლის მიხედვითაც, რამასვამის გარდა, ყველა კანდიდატი "ნაყიდი" იყო. სკოტმა ახალბედა პოლიტიკოსს ჩინეთთან ბიზნეს გარიგებებიც შეახსენა. ამის შესახებ ისაუბრა მაიკ პენსმაც.

"მოხარული ვარ, რომ ვივეკმა დატოვა 2018 წელს ჩინეთში დადებული ბიზნეს გარიგება. ეს დაახლოებით იმ დროს უნდა მომხდარიყო, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეთ". - აღნიშნა პენსმა.

დებატების დროს მნიშვნელოვანი ყურადღება მიიპყრო Fox News-ის კომერციულმა ჭრებმაც.

ერთ-ერთ შესვენებაზე, ტელეკომპანიამ აჩვენა რეკლამა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუწყო ხელი უკრაინას ამერიკულმა დახმარებამ რუსეთის შეიარაღებული ძალების დეგრადაციაში ამერიკელი სამხედროების უშუალო ჩართულობის გარეშე. ეს მაშინ, როცა რესპუბლიკელების საკმაოდ დიდი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირებას ითხოვს.

ამასთან, მას შემდეგ, რაც კანდიდატების ნაწილმა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით TikTok-ის აკრძალვის აუცილებლობაზე ისაუბრა, კომერციული ჭრის დროს სწორედ ამ ჩინური აპლიკაციის რეკლამა აჩვენეს.

უშუალოდ დებატების დაწყებამდე კი ტელეკომპანიამ აჩვენა ბაიდენის 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის პირველი რეკლამაც, რომელიც ტრამპის წინააღმდეგაა მიმართული, განსაკუთრებით კი საავტომობილო მრეწველობასა და საწარმოებში დასაქმებული მუშების შესახებ ყოფილი პრეზიდენტის გამონათქვამებზეა ფოკუსირებული.

აღსანიშნავია, რომ ტრამპმა დებატების მიმდინარეობისას შეხვედრები სწორედ მიჩიგანში გაფიცულ მუშებთან გამართა.

ერთი დღით ადრე, 26 სექტემბერს მიჩიგანში ჩავიდა ჯო ბაიდენიც, პროფკავშირის, საავტომობილო მრეწველობის მუშათა გაერთიანების (UAW) ორგანიზებული გაფიცვის ფარგლებში გამართულ პიკეტს შეუერთდა და გაფიცულ თანამშრომლებს სიტყვითაც მიმართა.

ბაიდენისა და ტრამპის ვიზიტები მიჩიგანში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მიმდინარე დაპირისპირების გამოძახილია. შტატში ე.წ. "ცისფერსაყელოიანების", ანუ საწარმოო მუშების ხმებს დიდი წონა აქვს. შესაბამისად მნიშვნელოვანია UAW-ის მხარდაჭერაც. 2020 წელს ამ პროფკავშირმა მხარი ბაიდენს დაუჭირა, თუმცა, ჯერ უცნობია ვის მიემხრობა გაერთიანება 2024 წლის არჩევნებში.

2016 წელს დამარცხების შემდეგ, 2020 წელს შტატში არჩევნები მცირე უპირატესობით სწორედ დემოკრატმა კანდიდატმა მოიგო. შესაძლოა, მიჩიგანის შტატის შედეგებმა საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგზე 2024 წელს გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს.

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერის მეორე დებატებში კვალიფიკაციისთვის კანდიდატებს ორ ეროვნულ გამოკითხვასა და აიოვას, ნიუ-ჰემფშირის, ნევადასა და სამხრეთ კაროლინას შტატებში ჩატარებულ გამოკითხვებში მინიმუმ 3%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონოდათ.

ამასთან, პრეზიდენტობის მსურველებს დებატებში მონაწილეობისთვის მინიმუმ 50 000 უნიკალური დონორი უნდა ჰყოლოდათ, აქედან 200 ოცი სხვადასხვა შტატიდან ან ტერიტორიიდან. მათ ასევე ხელი უნდა მოეწერათ რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის ფიცს, რომ საბოლოო საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს დაუჭერენ.

ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო ასა ჰაჩინსონმა, რომელმაც ვისკონსინში გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, 27 სექტემბერს გამართული ღონისძიება გამოტოვა.

რესპუბლიკური პრაიმერის მესამე დებატები 8 ნოემბერსაა ჩანიშნული.

კომენტარები