ოთარ ფარცხალაძე

ადმინისტრაცია: საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, მოქალაქეობა არ შეუწყვიტოს ოთარ ფარცხალაძეს, კონსტიტუცია არ ირღვევა და ეს ნაბიჯი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის შესაძლებლობაა, დაიცვან სახელმწიფო რეპუტაცია და ინტერესები.

"საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული "რუსული გადაწყვეტილება". საქართველოს შესაძლო ,"შავ ხვრელად" ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას". - ვკითხულობთ განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტის მიერ სებ-ის საბჭოს ახალი წევრების დამტკიცებასაც გამოეხმაურა და მას მანკიერი პროცესის ლუსტრაცია უწოდა.

"რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა". - წერს ადმინისტრაცია.

პარლამენტმა ეროვნული საბჭოს ორი წევრი 21 სექტემბერს, მას შემდეგ აირჩია, რაც 20 სექტემბერს სებ-ის საბჭო სამმა ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები რამდენიმე დღით ადრე წარადგინა, 21 სექტემბერს კი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მათი გაწვევა მოითხოვა. თუმცა, უმრავლესობის დეპუტატების თქმით,  "არ არის კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა" და "ასეთი მექანიზმი არ არსებობს".

კომენტარები