უკრაინა-პოლონეთი

განხეთქილების მარცვალი ანუ დაძაბულობა უკრაინასა და პოლონეთს შორის

უკრაინა-პოლონეთი

განხეთქილების მარცვალი ანუ დაძაბულობა უკრაინასა და პოლონეთს შორის

ომის დაწყების დღიდან პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერია. თუმცა 2023 წლის მეორე ნახევარში ქვეყნებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა. ამისი მიზეზი ომის შედეგად ევროპის ბაზარზე მოზღვავებული უკრაინული მარცვლეული გახდა. 

გთავაზობთ უკრაინა-პოლონეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობების ქრონოლოგიას.

პრეისტორია

2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მთავარი საექსპორტო გზა, ანუ პორტები ბლოკადაში მოექცა, რის გამოც ლოჯისტიკის სახმელეთო გადაზიდვებზე გადაწყობა გახდა საჭირო.

ევროპის ქვეყნებმა და მათ შორის პოლონეთმა უკრაინას სატრანზიტო დერეფანი გაუკეთა, რომლის მეშვეობითაც მარცვლეული ევროპის საზღვრებს გარეთაც ვრცელდებოდა. ტრანსპორტირების გასამარტივებლად ევროკავშირმა უკრაინული მარცვლეულისთვის გააუქმა საბაჟო მოსაკრებელი.

შედეგად ევროპის ბაზარზე გაიზარდა უკრაინული მარცვლეულის წილი. 2021 წლის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი 27%-ს შეადგენდა, ერთ წელში ეს მონაცემი 55%-ს მიუახლოვდა. 

უშუალოდ პოლონეთში ექსპორტი 981 მილიონიდან 2.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რის გამოც 1 ტონა ხორბლის ფასი 1500 ზლოტიდან 800-900 ზლოტამდე დაეცა. 

მარცვლეულის ადგილობრივმა მწარმოებლებმა მასობრივ საპროტესტო აქციებს მიმართეს. 2023 წლის 5 აპრილს თანამდებობა დატოვა პოლონეთის სოფლის მეურნეობის განვითარების მინისტრმა ჰენრიკ კოვალჩიკმა, რომელმაც ერთი წლით ადრე აგრარულ სფეროში დასაქმებულებს ადგილობრივი მარცვლეულის შენახვა ურჩია.

მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც, მათ შორის უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

უკრაინული მარცვლით დატვირთული სატვირთო მანქანა

ემბარგო და ფინანსური დახმარება

დაზარალებულმა ქვეყნებმა ევროკავშირისგან უკრაინული მარცვლეულის დროებით შეჩერება და ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა მოითხოვეს.

2 მაისს ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მაისიდან ივნისის ჩათვლით პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში უკრაინული ხორბალი, სიმინდი, რაფსი და მზესუმზირა აღარ შევიდოდა. მოგვიანებით შეთანხმება 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ქვეყნები ემბარგოს გაგრძელებას წლის ბოლომდე ითხოვდნენ, ევროკომისიამ გადაწყვეტილება არ შეცვალა:

"ევროკომისია საფუძვლიანად ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით თვლის, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე ქვეყნებში გაჩენილი მარცვლეულის კრიზისის აღმოსაფხვრელად 2023 წლის 2 მაისს მიღებული ზომები სრულიად საკმარისი აღმოჩნდა". 

იმავე პერიოდში დაზარალებულმა ქვეყნებმა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარება მიიღეს. გამოყოფილი 156.3 მილიონი ევროდან პოლონეთს 56.7 მილიონი შეხვდა.

პოლონელი ფერმერების გაფიცვა, 2023 წელი

ურთიერთობის გაფუჭება

15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი ევროკომისიის რჩევას არ გაითვალისწინებენ და უკრაინულ მარცვლეულზე ემბარგოს გააგრძელებენ. რუმინეთმა მხოლოდ 30-დღიანი გადავადება მოითხოვა.

საპასუხოდ უკრაინამ 19 სექტემბერს სამივე ქვეყნის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) სარჩელი შეიტანა. 

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დავამტკიცოთ, რომ ევროკავშირის წევრი ცალკეული სახელმწიფოები ვერ აკრძალავენ უკრაინული საქონლის იმპორტს. ამიტომ შეგვაქვს საჩივარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ამავდროულად ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმწიფოები დროულად მოხსნიან შეზღუდვას და საქმის გარჩევა სასამართლოში დიდხანს არ მოგვიწევს". - განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.

დუდა და ზელენსკი გაეროს ასამბლეაზე 

19 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ორივე ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. 

"იმ კაცის გადარჩენა, რომელიც იხრჩობა, ძალიან საშიში საქმეა, მან შეიძლება, მაშველიც ფსკერზე ჩაიყოლოს. სწორედ ასეთია პოლონეთისა და უკრაინის დღევანდელი სიტუაცია. უკრაინას რუსეთი ესხმის თავს, ის, რა თქმა უნდა, ძალიან რთულ სიტუაციაშია და ეჭიდება ყველაფერს, ისევე, როგორც ფსკერისკენ მიმავალი კაცი". - განაცხადა გაეროს ასამბლეაზე პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. გამოსვლის შემდეგ პირველმა პირმა ასევე ჟურნალისტებთანაც ილაპარაკა: 

"ვიაზრებ, რომ უკრაინაში არსებობს გარკვეული ბიზნეს-წრეები, რომელთაც სურთ, რაც შეიძლება სწრაფად, დაბალ ფასში გაყიდონ უკრაინული მარცვლეული. ჩვენ მათგან თავი უნდა დავიცვათ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. სახეზე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი, უკრაინამ საჩივრით WTO-ს მიმართა, მზად ვართ, სიტუაცია სასამართლოში განვმარტოთ, გვექნება იურიდიული დავა და ვიმოქმედებთ შესაბამისად. თუმცა კარგი იქნება, თუ უკრაინას ემახსოვრება, რომ ჩვენგან დახმარებას იღებს და მათთვის სატრანზიტო ქვეყანა ვართ". - თქვა დუდამ.

თავის გამოსვლაში მარცვლეულის პრობლემაზე ლაპარაკს დრო დაუთმო ვოლოდიმირ ზელენსკიმაც:

"ჩვენ დროებითი საზღვაო დერეფანი აღვადგინეთ, ამავდროულად, მტკიცედ ვმუშაობთ სახმელეთო საექსპორტო მარშუტების შენარჩუნებაზეც. საგანგაშოა იმის ნახვა, რომ ვიღაც-ვიღაცები ევროპაში, მათ შორის ჩვენი მეგობრები, პოლიტიკურ თეატრში სოლიდარობას თამაშობენ და მარცვლისგან თრილერს ქმნიან. შეიძლება, გეჩვენოთ, რომ ისინი თავიანთ როლს ასრულებენ, მაგრამ რეალურად სცენას ამზადებენ მოსკოველი მსახიობისთვის".

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პოლონეთის საგარეო სამინისტრომ უკრაინის ელჩი დაიბარა.

შემდგომი ესკალაცია

გამოსვლიდან ერთ დღეში უკრაინელი დევნილებისთვის დახმარების შეჩერების შესახებ ილაპარაკა პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პეტრ მიულერმა:

"შეგახსენებთ, რომ დახმარების პროგრამა დროებითია და მისი ვადა მომდევნო წლის დასაწყისში სრულდება. არაფერია მუდმივი".

მიულერის თქმით, პოლონეთის მთავრობამ ომის დაწყებისთანავე დაუფიქრებლად გაუწია უკრაინას დახმარება. ახლა, როდესაც მთელს მსოფლიო მეტი ინფორმაცია აქვს მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, საერთაშორისო საზოგადოების ჯერია, გვერდში დაუდგეს უკრაინას. 

2022 წლის თებერვლიდან პოლონეთში უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებელი სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში უკრაინელებს სარგებლობენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სამედიცინო მომსახურებაზე, ოჯახები იღებენ ფინანსურ დახმარებას, ბავშვებისთვის უფასოა სწავლა.

21 სექტემბერს პოლონეთის პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს აღარ აწვდის, სანაცვლოდ პოლონეთი ყურადღებას საკუთარი ქვეყნის თანამედროვე შეიარაღებაზე გაამახვილებს. 

უკრაინელი ექსპერტების ნაწილის აზრით პოლონეთის ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის ემზადება, ვინაიდან ქვეყნის ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილი აგრარულ საქმიანობას ეწევა და მათი ხმები შესაძლოა გადამწყვეტი იყოს. 


UPDATE

21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთმა უკრაინულ მარცვლეულზე დაწესებული ემბარგო შეაჩერა. ორივე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინამ ასევე WTO-დან სლოვაკეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი გამოიტანა.

 

კომენტარები