ეროვნული ბანკი

კალაძე პრეზიდენტზე: პირდაპირი ზეწოლაა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე — თურნავაზე

ქართული ოცნება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება კანდიდატების გაწვევის შესახებ ეროვნული ბანკის საგამონაკლისო ბრძანების გაუქმებამდე, ზეწოლაა ნათი თურნავაზე.

"ეს არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე, ნათია თურნავაზე. ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იყოს, ვინც ქვეყნის კონსტიტუციას იცავს, სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონებს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება.

ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმეა. არ ვიცი რა ჰქვია ამას. რაც გინდათ, ის დაარქვით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, თუ როგორ მოქმედებს ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციასთან და დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუმცა, ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს
ქვეყანას სჭირდება". - ამბობს კახა კალაძე.

21 სექტემბერს, ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია. ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს - 82-მა.

იქამდე, ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანების გაუქმებამდე ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ორი კანდიდატი პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის თქმით, "არ არის კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა" და "ასეთი მექანიზმი არ არსებობს".

კომენტარები