საქართველოს მთავრობა

დავალიანება კერძო უნივერსიტეტების სტატუსშეჩერებულ სტუდენტებსაც გაუნულდებათ - სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებსაც შეეხებათ. სამინისტრო აღნიშნავს, რომ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებულ დავალიანებას "სახელმწიფო გაუნულებს".

"უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების, საქართველოს მოქალაქე დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს, რომლებსაც ჯამში 40 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ" - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად იწყებს "აქტიურ მუშაობას" უნივერსიტეტებთან.

"იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ და შეუერთდებიან სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, სამინისტროები შეიმუშავებენ საჭირო რეგულაციებს, რათა შეიქმნას შესაბამისი პირობები სტუდენტებისთვის დაგროვებული დავალიანების გასანულებლად.

მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვა პრობლემას წარმოადგენდა - ხშირად ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტები იჩერებდნენ სტატუსს. დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში ასეთი დაახლოებით 30 000-მდე საქართველოს მოქალაქე სტუდენტია, რომელთაც ახალი გადაწყვეტილების შედეგად, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ" - აცხადებს სამინისტრო.

კომენტარები