რუსტემ უმეროვი

რუსტემ უმეროვი - ვინ არის უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი

რუსტემ უმეროვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი
REUTERS

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს ჩააბარა

3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. მან თქვა, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი ყირიმელი თათარი, რუსტემ უმეროვი იქნება, რომელიც მანამდე სახელმწიფო საკუთრების ფონდის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თავდაცვის მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, კორუფციის აღკვეთის მცდელობად განიხილება, მაგრამ ყირიმელი თათრისა და მუსლიმის, რუსტემ უმეროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა ასევე იმის ნიშანია, რომ უკრაინა ყირიმის დაბრუნებას, რომელიც 2014 წელიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია, სერიოზულად ეკიდება.

3 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ითხოვდა პარლამენტის თანხმობას, რათა უმეროვი ახალი თავდაცვის მინისტრი გახდეს, რადგან "სამინისტროში საჭიროა ახალ მიდგომებს და ჩართულობის ახალ ფორმები, როგორც სამხედროებთან, ისე საზოგადოებასთან".

2021 წლის ნოემბერს დანიშნული უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის შეცვლის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოლექსი რეზნიკოვს პირადად რაიმე დანაშაულში ბრალს არ სდებენ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან იყო საუბარი იმაზე, რომ მან თავის სამინისტროში კორუფციის აღკვეთა ვერ შეძლო. 

ყირიმელი თათარი

ყირიმელი თათრები ყირიმის ნახევარკუნძულის ძირძველი თურქი მოსახლეობაა. მეორე მსოფლიო ომის დროს მათ ნაცისტებთან თანამშრომლობაში ცრუ ბრალდება წარუდგინეს, რის გამოც საბჭოთა არმიამ ისინი ცენტრალურ აზიაში იძულებით გადაასახლა.

1944 წლის 18 მაისს, 200 000-კაციანი საზოგადოება ერთ დღეში ამოიძირკვა, მათ მატარებელში ჩასასხდომად მხოლოდ რამდენიმე წუთი მისცეს.

ყირიმელი თათრები, რომლებიც იოსებ სტალინის დროს არაერთ რეპრესიას ემსხვერპლნენ, ათწლეულების განმავლობაში სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდნენ.

რუსტემ უმეროვის ოჯახი დეპორტირებულთა შორის იყო და ის უზბეკეთში, გადასახლებაში ყოფნისას დაიბადა. 1980-იანი წლების ბოლოს კი როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მის ოჯახს სხვა ყირიმელ თათრებთან ერთად ნახევარკუნძულზე დაბრუნების უფლება მიეცა.

"ყირიმელი თათრების დეპორტაცია საბჭოთა რეჟიმის ერთ-ერთი უდიდესი დანაშაულია. ეს იმ დროს ხელისუფლებაში მყოფმა ტირანებმა მთელი ერის განადგურების მიზნით დაიწყეს". - წერდა უმეროვი 2021 წელს Liga.net-ისთვის გამოქვეყნებულ სტატიაში.

კარიერის დასაწყისი

სანამ უმეროვი ევროპის ახალგაზრდულ პარლამენტს შეუერთდებოდა, იგი 1998 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამის ფარგლებში სასწავლებლად შეერთებულ შტატებში გაგზავნეს

ამ პერიოდში უმეროვი უკვე ხუთ ენას ფლობდა: უკრაინულს, თათრულს, თურქულს, რუსულსა და ინგლისურს.

უმეროვმა კარიერა კერძო სექტორში დაიწყო.  2004 წელს ის უკრაინის მობილურ ოპერატორთა ერთ-ერთ წამყვან ქსელს შეუერთდა.

2013 წელს მან დააარსა საკუთარი საინვესტიციო კომპანია ASTEM და ASTEM Foundation, რომლის საქველმოქმედო პროგრამითაც უკრაინელებს აშშ-ში, სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლაში დაეხმარა. თავად უმეროვი ფლობს ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში და მაგისტრის ხარისხს ფინანსებში.

2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, უმეროვი ყირიმელი თათრების ისტორიული ლიდერის, მუსტაფა ჯემილევის მრჩეველი იყო. 

თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრება

უმეროვი პოლიტიკურ პროცესებში 2019 წელს ჩაერთო, როდესაც მან პარლამენტში რეფორმისტულ პარტია Holos-სთან კენჭი იყარა, თუმცა მოგვიანებით პარტია დატოვა და მთავრობის გუნდს შეუერთდა.

2020 წლიდან უმეროვი უკრაინის მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრი იყო და ყირიმის ოკუპაციის დასრულების სტრატეგიაზე მუშაობდა.

2022 წლის სექტემბერში, უმეროვი - მაშინდელი დეპუტატი პროევროპული პარტიიდან Holos, გახდა სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი და სახელმწიფო აქტივების კერძო ინვესტორებზე გაყიდვა დაევალა. უმეროვს მიაწერენ ცვლილებებს იმ ინსტიტუტში, რომელიც ხშირად კორუფციულ სკანდალებში იყო ჩაფლული. მან ასევე განაახლა სახელმწიფო ქონების გაყიდვები, რამაც ომის დროს უკრაინას რეკორდული შემოსავალი მოუტანა.

წარმატებული მოლაპარაკებები

2017 წელს უმეროვი რუსეთის ხელისუფლებისგან ყირიმელი თათრების, აჰტემ ჩიიგოზისა და ილმი უმეროვის გათავისუფლებაში მონაწილეობდა.

2022 წლის მარტში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ, რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ტყვეთა გაცვლისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხებზე.

უმეროვმა ასევე მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში და ქალაქ მარიუპოლისთვის ბრძოლისას ტყვედ ჩავარდნილი აზოვის მცველების გაცვლაში.

გარდა ამისა, უმეროვი თან ახლდა უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას 2023 წლის მარტში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ზელენსკის საუდის არაბეთში ვიზიტისას კი უმეროვი დელეგაციის წევრი იყო. 

კომენტარები