ავსტრალია

ექიმებმა ავსტრალიელი ქალის ტვინში 8-სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია იპოვეს

ტვინის ტომოგრაფია და ნიმუშების ქილაში "ბედნიერად მოძრავი" ჭია 
ANU

მსოფლიოში პირველად, ექიმებმა ავსტრალიელი ქალის ტვინში 8-სანტიმეტრიანი ცოცხალი ჭია იპოვეს. მათი თქმით, წითელი პარაზიტი ქალის ტვინში დაახლოებით ორი თვე, ხოლო ტვინში მოხვედრამდე რამდენიმე თვე სხვადასხვა ორგანოში ბინადრობდა.

64 წლის ქალს თვეების განმავლობაში აწუხებდა კუჭის ტკივილი, ხველა და ღამის ოფლიანობა, რაც დეპრესიაში გადაიზარდა. სიმპტომების გამო, ის 2021 წლის იანვრის ბოლოს საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. ტომოგრაფიის შედეგად პაციენტის თავის ტვინის მარჯვენა შუბლის წილში ატიპიური დაზიანება გამოვლინდა, თუმცა ქალის ჯანმრთელობის პრობლემების რეალური მიზეზი მხოლოდ ბიოფსიის შემდეგ, 2022 წლის ივნისში გახდა ცნობილი.

ნეიროქირურგმა ჰარი პრიია ბანდიმ, რომელმაც ჭია იპოვა, თქვა, რომ მან მხოლოდ მაშინ დაიწყო ტვინის კონკრეტულ ნაწილზე შეხება, როცა ტომოგრაფიაზე უცნაური გამოსახულება დაინახა. 

"მე ნამდვილად შევძელი რაღაცის შეგრძნება, ავიღე ჩემი პინცეტი, ამოვიღე და გავიფიქრე: ღმერთო! რა არის ეს? ის მოძრაობს!... ყველა შოკში იყო, ხოლო ჭია, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ტვინის გარეთაც ენერგიულად განაგრძობდა მოძრაობას". - იხსენებს ნეიროქირურგი.

"ყველამ იმ საოპერაციო დარბაზში განიცადა ცხოვრებისეული შოკი, როდესაც ქირურგმა პათოლოგიის გამოსავლენად რამდენიმე პინცეტი აიღო, შემდგომ კი ცოცხალი 8-სანტიმეტრიანი ღია წითელი ჭია ამოიყვანა". - თქვა ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, სანჯაია სენანაიაკემ.

მკვლევრები ხალხს აფრთხილებენ, რომ შემთხვევა ხაზს უსვამს ცხოველებიდან ადამიანებზე დაავადებების და ინფექციების გადაცემის გაზრდილ საფრთხეს.

Ophidascaris robertsi, მრგვალი ჭია, გავრცელებულია პითონების არაშხამიან სახეობაში, რომლებიც ავსტრალიის დიდ ნაწილზე გვხვდება.

მეცნიერები ამბობენ, რომ ქალის ორგანიზმში ჭია მას შემდეგ მოხვდა, რაც თავის სახლთან მდებარე ტბასთან, სადაც არაშხამიანი პითონებიც ბინადრობენ, ავსტრალიაში გავრცელებული ისპანახის ერთ-ერთი სახეობის მცენარე შეაგროვა, შემდგომ კი საკვებად გამოიყენა.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის გუნდი იუწყება, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში 30 ახალი ტიპის ინფექცია გამოვლინდა. სამი მეოთხედი ზოონოზური, ინფექციური დაავადებებია, რომლებიც ცხოველებიდან ადამიანზე გადადის.

კომენტარები