ფლანგვის დეტექტორი

GMC: 2020-2023 წლებში 29 საკრებულომ 2.27 მილიონი ლარის საწვავი მოიხმარა

gmc

ფლანგვის დეტექტორის [GMC] ინფორმაციით, 2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2 274 897 მილიონი ლარის საწვავი მოიხმარა, ხოლო 31 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 28 შემთხვევაში თავმჯდომარეს გაპიროვნებული მანქანა ემსახურებოდა. (განპიროვნებული არის ავტომობილი, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე).

ფლანგვის დეტექტორმა საქართველოს 69-ვე მუნიციპალიტეტს წერილით მიმართა, თუმცა მხოლოდ 31-ის საკრებულოს მონაცემები მიიღეს, მათგან ზოგიერთი არასრული სახით.  

სახელმწიფო დაწესებულებებისა და თვითმმართველობის ორგანოების ავტოპარკების ოპტიმიზაციის მიზნით, 2014 წელს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის შესახებ, თუმცა GMC-ს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში მანქანები საკრებულოს თავმჯდომარეებზე ყოველგვარი მიზნობრიობის დასაბუთების გარეშეა გაპიროვნებული და რიგ საკრებულოებში ავტომობილების რაოდენობა, ისევე როგორც საწვავისა და მოვლა-შენახვის ხარჯები, წლიდან წლამდე იზრდება.

"ფლანგვის დეტექტორისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2,274,897 მილიონი ლარის საწვავი მოიხმარა (ორმა საწვავის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა), ხოლო 31 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 28 შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს გაპიროვნებული მანქანა ემსახურებოდა. Საქართველოს კანონმდებლობა არ ავალდებულებს მუნიციპალიტეტების საკრებულოებს დაასაბუთონ და დასაბუთება საჯაროდ გამოაქვეყნენონ, რატომ არის საჭირო, რომ მინიმუმ ერთი მანქანა საკრებულოს თავმჯდომარეზე იყოს გაპიროვნებული და ის მას საკუთარი სურვილისამებრ მოიხმარდეს. Მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაპიროვნებული მანქანა გადაცემულია მხოლოდ "სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში", მოქალაქეებს არ აქვთ არანაირი ბერკეტი შეამოწმონ, კეთილსინდისიერად იყენებს თუ არა ჩინოვნიკი მისთვის გადაცემულ მანქანას, თუ აქვს შესაძლებლობა, რომ მან ავტომობილი საკუთარი სურვილებისთვისაც გამოიყენოს. 

Მოქალაქეები რომ ჩინოსნების კეთილსინდისიერებაში დარწმუნებულები ვერ იქნებიან, ამას ადასტურებს ფლანგვის დეტექტორის წარსულში გამოქვეყნებული კვლევებიც, რომლის მიხედვითაც 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიას რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად 191 ემსახურებოდა, ამავე წლებში კი ჯამში 8 ქალაქის -  ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ქობულეთის, ბათუმის, ოზურგეთისა და მარნეულის ჩინოსნებს 73-ის ნაცვლად 765 მანქანა ჰყავდათ". - წერია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა წოწერიას, 2020 და 2021 წლებში 2-2 მანქანა ემსახურებოდა, რომლებისთვისაც საწვავის ხარჯი ჯამურად თითქმის 30 000 ლარს იყო. გარდა ამისა, GMC-მ სამტრედიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში აღრიცხა შემთხვევები, როდესაც მანქანები პარტიული ნიშნით გაპიროვნდა და ისინი ქართული ოცნების თავმჯდომარეებს ემსახურება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სადაც 2014 წლის აღწერის მიხედვით მხოლოდ 31 486 ადამიანი ცხოვრობს, საკრებულოს მხოლოდ 2023 წელს 14 მანქანა ემსახურება, მათგან 11 გაპიროვნებულია.

ტენდენცია GMC მიერ წარსულ კვლევებში გამოკვეთილი სიტუაციის მსგავსია. 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიას რეკომენდებული 10 მანქანის ნაცვლად 191 ემსახურებოდა, ამავე წლებში კი ჯამში 8 ქალაქის - ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ქობულეთის, ბათუმის, ოზურგეთისა და მარნეულის ჩინოსნებს 73-ის ნაცვლად 765 მანქანა ჰყავდათ

GMC-ის ინფორმაციით: 

2020-2023 წლებში საგარეჯოს, სენაკის, ჩოხატაურის, ცაგერის, ჭიათურის, ხაშურის, ხობის, ხულოს, ლენტეხისა და ქედის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს 1 მანქანა ემსახურებოდა და ყველა შემთხვევაში ავტომობილი გაპიროვნებული იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზე. ქედაში ავტომობილი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თავმჯდომარის მოადგილესაც ემსახურებოდა. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წელს მანქანების რაოდენობა ერთიდან სამამდე გაზარდეს. 

2020-2023 წლებში ყვარლის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს 2-2 მანქანა ემსახურებოდა და თითქმის ყველა შემთხვევაში ერთი მანქანა გაპიროვნებული იყო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზე, ხოლო მეორე მანქანა მის მოადგილეზე. Საჩხერის მუნიციპალიტეტის 2023 წელს მანქანების რაოდენობა ორიდან სამამდე გაზარდა და ისინი საკრებულოს თავმჯდომარეზე და მის ორ მოადგილეზე გაპიროვნდა.

3 ან მეტი მანქანა ემსახურება სამტრედიის, ქობულეთის, გორისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ჩინოსნებს. მათგან, სამტრედიის საკრებულოს ჩინოსნებს 5 მანქანა ჰყავთ გაპიროვნებული. მსგავსად სამტრედიისა, 2023 წელს მანქანების რაოდენობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც გაიზარდა და 6 ავტომობილი შეადგინა, რომლებიც პირადად ემსახურება საკრებულოს თავმჯდომარეს, მის ორ მოადგილეს, აპარატის უფროსს, ქართული ოცნების თავმჯდომარესა და საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 6 მანქანაა, მათგან სამი გაპიროვნებული. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელსაც 2020-2021 წლებში 6 მანქანა ემსახურებოდა, თუმცა, 2021 წლის 3 დეკემბრის შემდეგ, ზუგდიდის საკრებულოს ინფორმაციით, ისინი აღარ სარგებლობენ საკუთრებაში არსებული მანქანებით.

საწვავისთვის ყველაზე მეტი თანხა თიანეთში იხარჯება, სადაც 1 მანქანისთვის 130 787 ლარი დაიხარჯა, ხოლო ჩხოროწყუში 2 მანქანის მოვლა-პატრონობისათვის გამოყოფილი თანხა 540 000 ლარზე მეტია.

შედარების მიზნით, საქართველოს გარდა, GMC-მ ინფორმაცია რამდენიმე ევროპული ქალაქიდან გამოითხოვა - მათ შორის არის ტალინი, რიგა, ბუქარესტი და ვილნიუსი. ორგანიზაციის ინფორმაციით, ტალინის, ვილნიუსის და ბუქარესტის საკრებულოს წევრები მხოლოდ პირადი ავტომობილებით სარგებლობენ, შესაბამისად, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის თუ საწვავისთვის თანხა გამოყოფილი არ არის. რაც შეეხება რიგას, რიგის საკრებულოს 19 ავტომობილი ემსახურება, თუმცა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის. ბიუჯეტში ყოველწლიურად ავტომობილების მოვლა-შენახვისთვის 150 000 ევრო, საწვავისთვის კი 41 600 ევროა გამოყოფილი.  

ფლანგვის დეტექტორის რეკომენდაციით: 

  • უცილებელია დასაბუთდეს, რა მიზნობრიობით ხდება თანამდებობის პირებზე საკრებულოების საკუთრებაში მყოფი მანქანების გაპიროვნება.

  • შეიქმნას საწვავის არამიზნობრივად გამოყენების კონტროლის ეფექტიანი მეთოდი, რათა ჩინოვნიკებმა ვერ შეძლონ მათი გამოყენება პირადი მიზნებისთვის.

  • დასაბუთდეს მუნიციპალიტეტების საკრებულოების ავტოპარკში არსებული მანქანების რაოდენობების მიზნობრიობა და მოხდეს მათი მაქსიმალური ოპტიმიზაცია, რათა შემცირდეს ბიუროკრატული ხარჯები.

  • ყოველი წლის მიწურულს, მუნიციპალიტეტების საკრებულოების ვებგვერდებზე გამოქვეყნდეს მათ საკუთრებაში მყოფი მანქანების საწვავის ჯამური ხარჯები და განიმარტოს, რა სამსახუროებრივ მიზნებს მოხმარდა.

კომენტარები