აზია

ავსტრალია, ფილიპინები და აშშ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებენ

ავსტრალია, ფილიპინები და აშშ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებენ. წვრთნების მიზანია რეგიონში ჩინეთის გავლენის ზრდის ფონზე აღნიშნული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

სააჰერო, სახმელეთო და საზღვაო წვრთნები 14-31 აგვისტოს პერიოდში მიმდინარეობს და მასში 2 000-ზე მეტი ავსტრალიელი და ფილიპინელი და 150-მდე ამერიკელი სამხედროა ჩართული.

წვრთნებში პირველად იღებს მონაწილეობას ავსტრალიის საზღვაო ძალების უმსხვილესი კრეისერი HMAS Canberra. 

"ფილიპინების მსგავსად, ავსტრალიასაც სურს მშვიდობიანი, სტაბილური და წარმატებული რეგიონი, სადაც დაცულია სუვერენიტეტი და რომელიც ემყარება კანონის უზენაესობას". – თქვა ავსტრალიის ელჩმა ფილიპინებში, ჰე კიონგ იუმ. 

სამხედრო წვრთნებს წინ უძღვოდა 7 აგვისტოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მომხდარი ინციდენტის გამო ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობის დაძაბვას.

ფილიპინებმა ჩინეთის სანაპირო დაცვის სამსახური (CCG) სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მოძრავ ფილიპინურ გემებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ფილიპინების სამხედრო ძალებისთვის განკუთვნილი მარაგებით დატვირთულ გემებს თან ახლდა სანაპირო დაცვის (PCG) ხომალდების ესკორტი.

"ფილიპინების სანაპირო დაცვა მკაცრად გმობს ჩინეთის სანაპირო დაცვის სახიფათო მანევრებს და წყლის ჭავლის უკანონო გამოყენებას PCG გემების წინააღმდეგ". - წერია ოფიციალურ განცხადებაში.

საპასუხოდ, ჩინეთმა ფილიპინები მისი წყლების ხელყოფაში დაადანაშაულა და საკუთარ ქმედებებს კანონის შესაბამისი უწოდა. 

ფილიპინები ზემოხსენებულ რეგიონზე ჩინეთის კონტროლის უფლებას არ ცნობს და ამ ტერიტორიას დასავლეთ ფილიპინების ზღვას უწოდებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვა ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია სადავოდ მიიჩნევა.

პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე სრულ სუვერენიტეტს აცხადებს, ისევე როგორც იქ არსებულ კუნძულებზე. მათ შორის, 100 პატარა ზომის კუნძულისა და რიფებისგან შემდგარი სპრატლის არქიპელაგია, რომელზეც ფილიპინები, მალაიზია, ბრუნეი და ტაივანი აცხადებენ სრულ ან ნაწილობრივ სუვერენიტეტს.

 

კომენტარები