უკრაინის კონტრშეტევა

რა ვიცით ამ დროისთვის უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის შესახებ? 

უკრაინის კონტრშეტევა

რა ვიცით ამ დროისთვის უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის შესახებ? 

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად მიმართული უკრაინული კონტრშეტევა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულს დაიწყო, კვლავ გრძელდება. კონტრშეტევის დაწყებიდან რამდენიმე კვირის თავზე ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენები უკრაინელების წინსვლას მოწმობს. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, უკრაინისთვის პრიორიტეტულ ამოცანას განმეორებითი თავდასხმებით ოკუპანტების სამხედრო შესაძლებლობების დასუსტება წარმოადგენს. 

ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევების ცენტრის სამხედრო ანალიტიკოსის, ნიკლას მასურის თქმით, "საქმე ეხება არა იმდენად ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროების მკვლელობას, არამედ კრიტიკული მნიშვნელობის ზოგიერთ დამხმარე საშუალებების დასუსტებას, მათ შორის, არტილერიის, სარდლობის პუნქტების, საბრძოლო მასალის მარაგის, ელექტრონული ომისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების".

ფედერიკო ბორსარმა, რომლის კვლევის ფოკუსი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრში თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებაა, აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს უკრაინული ჯარების მხრიდან დანაკარგების რაოდენობის შემცირებას, მაგრამ აიძულებს კიევს უფრო მეტად დაეყრდნოს არტილერიას.

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ფრონტის ხაზზე კიევის მიღწევები მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი რუსეთს ფრონტის სხვა ნაწილებიდან სამხედრო ძალების გადასროლას აიძულებს. ამერიკულმა სამხედრო-ანალიტიკურმა ორგანიზაცია ომის კვლევის ინსტიტუტმა (ISW) 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში უკრაინის წინსვლა "ტაქტიკურად მნიშვნელოვნად" შეაფასა და დასძინა, რომ მოსკოვის მიერ ძალების დისლოცირების ადგილის ცვლილება "მთლიანობაში დიდი ალბათობით კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის თავდაცვით ხაზებს". ეს კი, ISW-ის განმარტებით, ქმნის შესაძლებლობას, უკრაინის ნებისმიერი წინსვლა პოტენციურად გადამწყვეტი მნიშვნელობის აღმოჩნდეს. 

კონტრშეტევის ფარგლებში უკრაინულ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს იერიშები მიაქვთ ფრონტის ხაზებიდან მოშორებით ტერიტორიებზე. შაბათს, 12 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ქერჩის ხიდზე ორი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო თავდასხმის გამო ხიდზე მოძრაობა დროებით შეჩერდა. თვითმხილველების ინფორმაციით და სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, ქერჩის ხიდის თავზე შავი კვამლი შეინიშნებოდა, რასაც წინ განმეორებითი აფეთქებები უძღოდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხიდს S-200-ის ტიპის 2 რაკეტით შეუტიეს. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აკსიონოვის თქმით კი, უკრაინული იერიშის შედეგად ხიდი არ დაზიანებულა. 

სახმელეთო კონტრიერიშის ფარგლებში უკრაინელი სამხედროები წინ ძირითადად ორი მიმართულებით მიიწევენ: აღმოსავლეთით, სოფელ სტარომაიორსკეს გავლით (უკრაინამ ივლისის ბოლოს სტარომაიორსკეს დასახლება გაათავისუფლა) რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ ბერდიანსკისკენ და ასევე დასავლეთის მიმართულებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლისკენ, რომელიც აზოვის ზღვასთან სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო კვანძის როლს ასრულებს. უკრაინული ძალები ივნისის დასაწყისში კონტრშეტევის დაწყებისას ორივე ხაზის გასწვრივ 10-დან 12 მილამდე მანძილით დაწინაურდნენ. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა პარასკევს, 11 აგვისტოს აღნიშნა, რომ უკრაინის ძალებმა მიაღწიეს "ნაწილობრივ წარმატებებს" უროჟაინოეს მიმართულებით და სტარომაიორსკეს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, უკრაინელ ჯარებს რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ხანგრძლივი ბრძოლა ელოდებათ. ანალიტიკოსები ასევე ასახელებენ სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის, საბრძოლო მასალის მიწოდებასა და ჯარის სულისკვეთებას, რომელიც, სავარაუდოდ, განსაზღვრავს თუ როგორ წარიმართება ბრძოლა მომდევნო თვეებში. თუმცა, დეზინფორმაციის გამო და სანდო ინფორმაციის სიმწირის პირობებში რთულია, დეტალებზე საუბარი და წინასწარი პროგნოზის გაკეთება. 

მაშინაც კი, თუ უკრაინის ძალები მოახერხებენ რუსეთის თავდაცვის პირველი პირველი ხაზის გარღვევას, ანალიტიკოსების თქმით, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოსკოვს თავდაცვითი პოზიციების გამაგრებისთვის მრავალი თვე ჰქონდა. რუსები ზრუნავდნენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სანგრების აშენება, სატანკო ხაფანგები, დანაღმული ველები, ტყვიამფრქვევები, მოიერიშე თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსული ფორტიფიკაციები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი თავდაცვითი ნაგებობებია.

ამავდროულად, რუსული ძალებს იერიშები ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქ კუპიანსკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაქვთ. სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი დიდი ალბათობით აქ უკრაინული ძალების დისლოცირებას იმ რეგიონებიდან ცდილობს, სადაც უკრაინელები შეტევაზე არიან გადასულები. უკრაინული ძალების წარმომადგენელმა, სერჰი ჩერევატიმ 12 აგვისტოს აღნიშნა, რომ გასული დღის განმავლობაში კუპიანსკის გარშემო რუსეთმა ყველა ტიპისა და კალიბრის არტილერიით იერიში 328-ჯერ მიიტანა. 

მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის სამხედრო სამსახურის 12 აგვისტოს ანგარიშის თანახმად, რუსეთის ძალები განიცდიან ინტენსიურ გამოფიტვას და ფრონტის ხაზზე მძიმე ბრძოლებთან გამკლავება უწევთ. მათივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის წინსვლის საწინააღმდეგოდ სამხედრო ძალებს გადაისვრის, ოკუპანტების თავდაცვითი შესაძლებლობები სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს გასწვრივ, სავარაუდოდ, შესუსტდება.

გარდა ამისა, დასავლელი ანალიტიკოსების თქმით, უკრაინულმა ძალებმა, რომლებიც მდინარე დნიპროს დასავლეთით მდებარე ტერიტორიას აკონტროლებენ, ახლახან შეტევა ქალაქ კოზაჩი ლაჰერზე - რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ სანაპიროზე - დაიწყეს. უკრაინის სამხედრო ძალები აღნიშნულ ოპერაციას არ ადასტურებენ.

ამასთანავე, მელიტოპოლის მიმართულებით თავდასხმის ხაზის გასწვრივ, უკრაინული ძალები საუბრობენ მძიმე ბრძოლების, მაგრამ ამავდროულად, სოფელ რობოტინოს გარშემო სტაბილური პროგრესის შესახებ. ISW-ის შეფასებით, ამ მიმართულებით უკრაინელების აქტიურობა კრიტიკული მნიშვნელობისაა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მიღწევები, შესაძლოა, ამჟამად შეზღუდული იყო. უკრაინული ძალების წარმომადგენელმა, ვალერი შერშენმა გასულ კვირას აღნიშნა, რომ უკრაინის წინსვლის შესაჩერებლად ოკუპანტები საზღვაო ქვეითებს, მედესანტეებს და სპეცრაზმებს აძლიერებენ. 

აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი იარაღი ეფექტური კონტრშეტევისთვის?

კონტრშეტევის დაწყებამდე NATO-ს  წევრმა ქვეყნებმა უკრაინას ასობით თანამედროვე ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითი საბრძოლო მანქანა გადასცეს. ამერიკის შეერთებულმა შტატების განცხადებით, კიევს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა წარმატებული შეტევისთვის. ზოგიერთმა მოკავშირემ უკრაინას ასევე საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მიაწოდა. 

კიევში დაფუძნებული ტრანსატლანტიკური დიალოგის ცენტრის (რომელიც, ამავდროულად, უკრაინის მრჩეველი ანალიტიკური ცენტრია) პრეზიდენტის, მაკსიმ სკრიპჩენკოს თქმით, დასავლეთის ამჟამინდელი მხარდაჭერა "საკმარისია გადარჩენისთვის", მაგრამ "არასაკმარისია ეფექტური კონტრშეტევისთვის".

"[იარაღის] გარეშე, ვფიქრობ, რომ არავინ უნდა მოელოდეს ისეთ სასწაულს, როგორიც იყო ერთი წლის წინ, რადგან რუსეთი ახლა უფრო მომზადებულია და უკვე იცის, რას ელოდება უკრაინული მხარისგან". - თქვა მან. 

სკრიპჩენკოს თქმითვე, საბჭოთა ეპოქის თვითმფრინავები არაეფექტურია ფრონტის ხაზზე გარკვეული მანევრების შესასრულებლად, ხოლო უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტის მიწოდება მნიშვნელოვნად გაზრდის უკრაინის სამხედრო უნარს, გაანადგუროს რუსეთის მიერ კონტროლირებადი ძირითადი ხიდები.

თუმცა, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, ბრანისლავ სლანჩევმის შეფასებით, იარაღისა და ჯავშანტექნიკის გადაზიდვის შეფერხება უკრაინისთვის პრობლემას წარმოადგენს. მან ასევე თქვა, რომ კიევმა ამ წლის დასაწყისში დაპირებული აღჭურვილობის მხოლოდ ნაწილი მიიღო.

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, იარაღის იმ რაოდენობით, რომელიც ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია, კიევი ომში ბალანსს თავის სასარგებლოდ ვერ შეცვლის. დუდამ ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორების მიერ უკრაინის სამხედრო ძალების მომარაგების წყალობით, უკრაინას ამჟამად რუსეთთან შედარებით გაცილებით თანამედროვე სამხედრო პოტენციალი აქვს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

გასულ თვეს The Washington Post-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკელი კანონმდებლების ზეწოლისა და კიევის თხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების წინააღმდეგია.

პენტაგონში სჯერათ, რომ ATACMS-ები არ არის ის რაც უკრაინის არმიას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება და შორ მანძილზე მოქმედი ამ რაკეტების გადაცემის აუცილებლობა საფრანგეთისა და ბრიტანეთის მიერ კიევისთვის Storm Shadow-სა და SCALP-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შემდეგ კიდევ უფრო შემცირდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი პრობლემა არა ფრონტის ხაზის უკან 100-ობით კილომეტრში მდებარე ობიექტები, არამედ უშუალოდ ფრონტის ხაზზე განთავსებული ნაღმებია, რაც კონტრშეტევას მნიშვნელოვნად აფერხებს.

ATACMS-ის თითოეული რაკეტა 2 ტონას იწონის. მათი სიგრძე დაახლოებით 4 მეტრი, დიამეტრი კი დაახლოებით 60 სანტიმეტრია. ერთი რაკეტა $1.5 მილიონი ღირს. ATACMS-ების გადაცემის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი აშშ-ს არმიაში მათი სიმცირეა. შეიარაღების ზუსტი რაოდენობა უცნობია. იარაღს აწარმოებს კომპანია Lockheed Martin-ი, რომლის ქარხანამაც 2018 წლიდან დაახლოებით 4 000 ერთეული გამოუშვა. ახლა ყოველწლიურად 500 რაკეტა მზადდება და ყველა საზღვარგარეთ გასაყიდადაა გამიზნული.

იქონიებდნენ თუ არა F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის კონტრშეტევაზე გარდამტეხ გავლენას? 

უკრაინის კონტრშეტევა ორი თვის წინ დაიწყო, მაგრამ მრავალი თვალსაზრისით, მისი ძალებმა ამისთვის მზადება ქვეითების, არტილერიის, ჯავშანტექნიკის და საჰაერო ძალების გაწვრთნით გაცილებით ადრე დაიწყეს. 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ერთ წელზე მეტ ხანი დაყო, სანამ NATO-ს ქვეყნებს უკრაინაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის უფლებას მისცემდა. F-16-ების გამოსაყენებლად უკრაინელ პილოტებისთვის შესაბამისი წვრთნებს ჩატარება ასევე დამატებით დროის საჭიროებს. 

ივლისის შუა რიცხვებში 11-მა პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინასთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების მომზადების პირობებს განსაზღვრავს. ამასთან, წვრთნები აგვისტოში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ არ დაუმტკიცებია წვრთნების საბოლოო გეგმა, რადგან ევროპული ქვეყნები ყველა დეტალზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულა.

კითხვას, აქვს თუ არა უკრაინის კონტრშეტევას F-16-ების გარეშე წარმატების შანსი, უკრაინის, აშშ-სა და ევროპის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები დადებით პასუხს სცემენ

F-16-ის ტიპის თვითმფრინავის ყოფილმა პილოტმა, ბრიდლავმა აღნიშნა, რომ უკრაინის ძალებს "დიდი სარგებელი აქვთ", რადგან აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ ეგრეთ წოდებული კომბინირებული იარაღის ტაქტიკას, რომელიც თანამედროვე სახმელეთო ომის ხერხემალს წარმოადგენს. ბრიდლავმა ასევე დასძინა: "თუ ელით, რომ უკრაინა ჩვენ მსგავსად იბრძოლებს, მაშინ საჭიროა, ჰქონდეთ ის იარაღები, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ კი ეს იარაღები არ მიგვიცია".

ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, საჰაერო ძალების ნაკლებობამ მიმდინარე ზაფხულს უკრაინა რუსული ვერტმფრენების თავდასხმების პირისპირ არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ცნობით კი, რუსების შვეულმფრენების გარკვეული ნაწილი აღჭურვილია ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, რომლებსაც იერიშები მიაქვთ ან ძალიან შორს ან ძალიან დაბლა, რაც უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ მათ მოგერიებას ართულებს. 

უმეტესწილად, უკრაინელი მფრინავები, რომლებიც ამჟამად საბჭოთა ეპოქის MiG-სა და Sukhoi-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით დაფრინავენ, ცდილობენ, რომ სამიზნეებთან დისტანცია შეინარჩუნონ და ჰაერში დიდი დრო არ დაყონ, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის სამიზნედ გახდომის რისკი. სამიზნესთან შეძლებისდაგვარად მიახლოებისას კი, საწვავის და საბრძოლო მასალის საცავებსა და სხვა სამხედრო ობიექტებზე იერიშები მიაქვთ დიდი რადიუსის მქონე რაკეტებით, რომლებიც უკრაინას ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მიაწოდეს.

კომენტარები