საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები

ფოტიგა ტრიოზე: EU უნდა ემზადებოდეს მათი, როგორც ახალი წევრების მისაღებად, რაც შეიძლება მალე

ანა ფოტიგა და ნატა საბანაძე
Twitter

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას თქმით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ სტოკჰოლმში წარდგენილი შეფასება ადასტურებს, რომ "მოლდოვა, უკრაინა და საქართველო სწორ გზაზე არიან და ევროკავშირი უკვე უნდა ემზადებოდეს მათი, როგორც ახალი წევრების მისაღებად, რაც შეიძლება მალე". ამის შესახებ ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ. 

"ვიმედოვნებთ, რომ სამართლებრივი სისტემების ადაპტაციისა და საჭირო რეფორმების დანერგვის პროცესი შეუფერხებლად და უპრობლემოდ გაგრძელდება სამივე ქვეყანაში, რათა პოზიტიური შეფასება შენარჩუნდეს და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები წელს დაიწყოს".-ამბობს ფოტიგა.

ევროპარლამენტარის თქმით, ის კმაყოფილია ყოველი ნაბიჯით, რომელსაც საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დგაmს. როგორც ფოტიგა აცხადებს, ქართველი ხალხის გაბედული და მტკიცე პასუხი, რომელიც მარტის თვეში იხილა, მას ოპტიმიზმით განაწყობს. 

ანა ფოტიგა გამოეხმაურა ზურაბიშვილის მიერ მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებასაც, რომელიც დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. 

"კმაყოფილი ვარ ყოველი ნაბიჯით, რომელსაც საქართველო დგამს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვიმედოვნებ, სირთულეებისა და სიძნელეების მიუხედავად, რასაც საქართველოს შემთხვევაში ბოლო თვეებში შევესწარით, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულება და ინტეგრაციის შესაბამისი ტემპი საქართველოს ხელმძღვანელობის ჭეშმარიტი პრიორიტეტი იქნება. ქართველი ხალხის გაბედული და მტკიცე პასუხი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში ვნახეთ, ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმიზმით განმაწყობს. ასევე მივესალმები ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ნიკა გვარამიას შეწყალებას. მე ამას მნიშვნელოვან ნაბიჯად ვთვლი დეპოლარიზაციისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების კიდევ ერთხელ ერთგულებისკენ".-ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ მიღებული 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, ნაწილობრივ კი - 7. ვარჰეიმ ამის შესახებ სტოკჰოლმში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, სადაც ევროკავშირის საბჭოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შესახებ ზეპირი შუალედური შეფასება წარედგინა. 

ვარჰეის განმარტებით, სრულად შესრულებულია რეკომენდაციები: 1. გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. 2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების შესახებ. 3. სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესის გამჭვირვალობის შესახებ.

მისივე სიტყვებით, 12 რეკომენდაციიდან 7-ში საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს, მათ შორის: პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირებისა და საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმების სტრატეგიულად მიღებისა და განხორციელების, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამოქალაქო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მიმართულებით.

ხოლო მედია თავისუფლების შესახებ საუბრისას ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს არანაირი პროგრესი არ აქვს.   

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციას 2023 წლის ოქტომბერში წარადგენს, წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

კომენტარები