საქართველო-ევროკავშირი

ვარჰეი საქართველოს: თუ EU-ში შესვლა გსურთ, ახლაა მომენტი – არ შეხედოთ სხვებს

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის თქმით, თუ ქვეყნებს ბლოკში შესვლა სურთ, მათ ეს მომენტი უნდა გამოიყენონ. ვარჰეიმ ამის შესახებ სტოკჰოლმში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, სადაც ევროკავშირის საბჭოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შესახებ ზეპირი შუალედური შეფასება წარედგინა.

"თუ დღეს ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს, ახლაა მომენტი, ამიტომ დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა. გამიმართა, რომ ბრიუსელში წინა კვირას საქართველოს პრემიერმინისტრს შევხვდი და გზავნილი ეს იყო – თქვენ იცით, რა არის საჭირო, ამიტომ გააკეთეთ, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა. მისგან ყველამ მაქსიმალური სარგებელი უნდა მიიღოს. ჩვენ მზად ვართ, რომ დაგეხმაროთ, მაგრამ კრიტერიუმებს ყველა უნდა აკმაყოფილებდეს". – თქვა ვარჰეიმ.

ევროკომისარმა ასევე უპასუხა კითხვას უკრაინისა და მოლდოვისგან საქართველოს "გამოყოფის" შესახებ და თქვა, რომ საქართველომ მხოლოდ საკუთარ პროგრესზე უნდა იფიქროს.

"საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა უკვე უდიდესი გადაწყვეტილებაა ევროპული საბჭოსგან. ეს ძალიან აშკარაა და ეს სიგნალი ცხადი, ძლიერი და ჯერ კიდევ ცოცხალია, ამიტომ გამოიყენეთ. არ შეხედოთ სხვებს, შეხედეთ იმას, თუ თქვენ რისი გაკეთება, რისი მოწოდება შეგიძლიათ და ქვეყანა შეძლებს შემდეგ ეტაპზე გადასვლას, თუ ყველაფერი შესრულდება". – თქვა ვარჰეიმ.

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციას 2023 წლის ოქტომბერში წარადგენს, წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.


რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იწყება ქვეყნის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილი განაცხადით. მას მოჰყვება კითხვარის შევსება, რომელიც ქვეყნისთვის თვითრეფლექსიის დოკუმენტია და განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაბამისობას კოპენჰაგენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებთან. სწორედ ამ კითხვარზე დაყრდნობით და დამოუკიდებელი შეფასებით, ევროკომისია ქვეყნის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმას ანონიმურად აძლევენ. ამ ეტაპს მოჰყვება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება.

კომენტარები