დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

მეოთხე დღეა, რაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

სომეხი სამხედრო
AP Photo/Sergei Grits

უკვე მეოთხე დღეა, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის სროლები გრძელდება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ივნისს გაავრცელა ცნობა, რომ 21 ივნისის 22:55-დან 22 ივნისისი 00:45-მდე აზერბაიჯანელი სამხედროები ცეცხლს ხსნიდნენ სომხური პოზიციების მიმართულებით, ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრის რეგიონში, ვერინ შორჟისა და სოთქის რაიონში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

განცხადებას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც. მათი ცნობით, 22 ივნისის 02:15-ზე სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რაიონის აჰმედლის დასახლებულ პუნქტთან განლაგებულ აზერბაიჯანელ სამხედროებს. ამას გარდა, მათივე ცნობით, 21 ივნისის 23:05-დან 22 ივნისის 08:15-მდე მთიანი ყარაბაღის რეგიონში უკანონო სომხურმა შენაერთებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანულ პოზიციებს ხოჯავენდის, შუშისა და ხოჯალინის რაიონების მიმართულებით. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათ საპასუხო ზომები მიიღეს.

ამას გარდა, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განმარტებაში ნათქვამია, რომ ყარაბაღელი სომხური შენაერთები აზერბაიჯანის პოზიციების წინ, აღდამისა და ხოჯალინის მიმართულებით ხანგრძლივი ფორტიფიკაციების შენებას ცდილობდნენ, რაზეც საპასუხო ზომები მიიღეს და სამუშაოები შეაჩერეს.

19 ივნისის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სასაზღვრო შეტაკებები ყოველ დღეს მოხდა. ამ დღეებში მხარეებმა ცეცხლი გაცვალეს როგორც სომხეთის აღმოსავლეთ საზღვრის, ისე სომხეთისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სასაზღვრო მონაკვეთშიც. შეტაკებები მოხდა მთიანი ყარაბაღის რეგიონშიც.


22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

86 600 და 29 800 კვადრატული კილომეტრი – ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.

ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია.

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები