ევროკავშირი

EU-ს ქვეყნების მინისტრებმა მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

8 ივნისს ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა საკითხთან დაკავშირებით ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

ხელშეკრულება, რომელიც 27 ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შედგა, მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გაზიარებასა და სოლიდარობას შორის ბალანსის დაცვას. 

ემიგრანტების მასპინძლობის საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ჯერ კიდევ 2015 წლიდან არის აქტუალური. დროთა განმავლობაში აღნიშნული თემა სულ უფრო საკამათო ხდებოდა. 

არაერთგვაროვანი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ბლოკის წევრი ქვეყნები მეტწილად კონცენტრირებული იყვნენ მიგრანტთა რაოდენობის შემცირებაზე. გასულ წელს გაეროს სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირის საზღვარი 160 000-ზე ნაკლებმა ემიგრანტმა გადაკვეთა. იმავე მონაცემებით, საზღვრის გადაკვეთის პროცესში 2 500-მდე პირი დაიღუპა ან დაიკარგა. 

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც ევროპარლამენტმა 2024 წლისთვის უნდა უყაროს კენჭი, ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა თავშესაფრის მაძიებელთა განსაზღვრულ რაოდენობაზე იქნება პასუხისმგებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მიიღოს ისინი. იმ ქვეყნებს, რომლებიც უარს იტყვიან არალეგალური გზით ჩასული მიგრანტების მიღებაზე, მოუწევთ მათ, რომლებიც ამ ადამიანებს უმასპინძლებენ, დახმარების სახით თითო პირზე €20 000 გამოუყონ, აღჭურვილობით ან პერსონალით დაეხმარონ. 

შეთანხმება ითვალისწინებს ახალი, დაჩქარებული სასაზღვრო პროცედურის შემუშავებას სპეციალურად მათთვის, ვინც ნაკლებად სავარაუდოა, თავშესაფარი მოიპოვოს. ამგვარად მათი ევროკავშირის ფარგლებში ცხოვრების პერიოდი შემცირდება. 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა შეთანხმება ისტორიულ მოვლენად შეაფასა. 

კომენტარები