რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯერჯერობით განიხილება, გადასცემს თუ არა თავად აშშ უკრაინას F-16-ებს – სალივანი

აშშ-ს F-16 მაროკოში, 2021 წლის 14 ივნისი.
Mosa'ab Elshamy/AP Phot

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინელი პილოტების თანამედროვე თვითმფრინავებზე მომზადების საერთაშორისო ძალისხმევას, მაგრამ გადასცემს თუ არა ვაშინგტონი კიევს F-16-ებს პირდაპირ, ეს ჯერ კიდევ განიხილება.

"ვფიქრობ, ევროპელი მოკავშირეების მარაგებში არსებული [F-16-ების] ახლანდელი რაოდენობის და კონგრესის მიერ ჩვენთვის გამოყოფილი თანხის, რომლითაც ბევრი სხვა პრიორიტეტული სისტემის მიცემა შეგვიძლია, გათვალისწინებით, შესაძლოა უფრო ფოკუსირებული ვიყოთ მესამე მხარის მიერ გადაცეაზე, თუმცა პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია". – ისაუბრა სალივანმა CNN-ის ეთერში, კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ უკრაინას პირდაპირ გადასცეს F-16-ები.

სალივანმა აღნიშნა, რომ უკრაინას დასავლური ავიაგამანადგურებლები გრძელვადიანი შესაძლებლობებისთვის სჭირდება, რომ რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. 

აშშ-მ გამორჩეული ძალისხმევა გამოიჩინა, რათა უკრაინის კონტრიერიშისთვის ყველაფერი, რაც საჭიროა, დროულად გადაეცა. ახლა, როცა ეს გავაკეთეთ, შეგვიძლია ვიფიქროთ უკრაინის მიერ რუსული აგრესიის შეჩერებისა და  თავდაცვის გრძელვადიან შესაძლებლობებზე. მეოთხე თაობის მოიერიშე თვითმფრინავები, დასავლური მოიერიშე თვითმფრინავები, F-16-ები ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია". – თქვა სალივანმა. 

ახლო მომავალში უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან შესაძლოა ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მიიღოს. შესაბამისი გეგმების შესახებ ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება. ამაზე მიუთითებს დასავლელი ლიდერების კომენტარებიც. 

21 მაისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა უკრაინელ პილოტებს მეოთხე თაობის დასავლური თვითმფრინავების, მათ შორის F-16-ების მართვის სწავლაში დაეხმარება. მან ასევე აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაარწმუნა, რომ თვითმფრინავებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებენ.

აქამდე, კვირის დასაწყისში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ დაიწყეს მუშაობა საერთაშორისო კოალიციაზე, რომლის მიზანიც კიევისთვის F-16-ების გადაცემაა. ამ კოალიციაში შედიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, აშშ და პორტუგალია.

თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ მომდევნო თვეში აშშ და მოკავშირეები განიხილავენ, როდის და რა რაოდენობით მიაწოდონ უკრაინას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.

პარალელურად, მოსკოვი მუქარის შემცველ რიტორიკას აძლიერებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს მტკიცებით, დასავლეთის გეგმა, გაგზავნოს უკრაინაში თანამედროვე ავიაგამანადგურებლები "უზარმაზარ რისკებს შეიცავს".

კიევი F-16-ებს უკვე რამდენიმე თვეა რაც ითხოვს.

კომენტარები