თბილისის აეროპორტი

დავითაშვილი: თბილისის აეროპორტისთვის ახალ ლოკაციას ვსწავლობთ, 2050 წლამდე გეგმა გვაქვს

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, თბილისის აეროპორტისთვის ახალ ლოკაციას სწავლობენ. დავითაშვილი ამბობს, თბილისის არსებული აეროპორტი "გრძელვადიან ამოცანებს" ვერ უპასუხებს. ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ "ეს არ არის მარტივი და ერთდღიანი პროცესი". დავითაშვილის თქმით, კომპანია TAV-თან ხელშეკრულებები თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2027 წელს სრულდება,  რის შემდეგაც, "ოპერატორი კომპანია იქნება TAV-ი ან სხვა, რომელიც შეირჩევა ღია კონკურენციის პირობებში".

"ჩვენთვის აეროპორტი ძალიან მნიშვნელოვანია როცა ტურისტულ სექტორზე ვსაუბრობთ, მაგრამ არამხოლოდ ტურიზმზე, ინვესტიციებზე, გარესამყაროსთან კავშირზე, აეროპორტი არის კარიბჭე და ქვეყნის სახე, შესაბამისად, ის ამბიციები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ეკონომიკური განვითარების კუთხით, რა თქმა უნდა, ბევრად აღემატება იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ აეროპორტს გააჩნია.

ჩვენი გათვლები შემდეგი ათი წლის განმავლობაში არის 10 მილიონ მგზავრზე მეტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 11-12 და ა.შ. გრძელვადიან პერსპექტივაში ხდება აეროპორტების განვითარების დაგეგმვა, ამ შემთხვევაში ჩვენი გეგმა არის 2050 წლამდე ხედვა თბილისის აეროპორტის გაერთიანების... არსებულ ტერიტორიაზე სივრცე შეზღუდულია, მას აქვს გაფართოების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, მაგრამ დეტალური შესწავლის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ იმ გრძელვადიან ამოცანებს ვერ ვუპასუხებთ.

ამიტომ, დავიწყეთ ახალი ლოკაციის შესწავლა, არ მინდა, ახლა დეტალებში შევიდე, რადგან ამით შეიძლება, საქმე დავაზიანოთ. მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტების გაერთიანების მხრიდან ახალი ლოკაციის დეტალურ შესწავლაზე, მათ შორის ნავიგაციის კუთხით ჩვენ უკვე შესწავლები ჩატარებული გვაქვს, იმისთვის, რომ დავიწყოთ საბოლოოდ აეროპორტის განვითარება. ეს არ არის მარტივი და ერთდღიანი პროცესი, TAV-თან ხელშეკრულება გვაქვს თბილისში 2027 წლის დასაწყისამდე, ბათუმში - 2027 წლამდე.

TAV-ი არის ოპერატორი კომპანია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანამ თვითონ განავითაროს აეროპორტი და ეს არის ალბათ, სწორი, პრაგმატული მიდგომა, როგორც აეროპორტების, ისე სხვა მიმართულებებით, ჩვენ ვსაუბრობდით ამაზე, როცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნა არის აუცილებელი კონკურენტული გარემოს სწორად შენარჩუნებისთვის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს აგრეთვე, რომ ოპერირების ნაწილში გვყავდეს პროფესიონალი კომპანიები, როგორიც იგივე tav-ი, გამოცდილია საკმაოდ. ეს შეიძლება იყოს TAV-ი ან სხვა, რომელიც შეირჩევა ღია კონკურენციის პირობებში" - ამბობს დავითაშვილი.

კომენტარები