რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება ჩიხშია შესული

სერგეი ლავროვი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 2023 წლის 25 აპრილი.
ТАСС

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, შავი ზღვის მარცვლეული შეთანხმება ჩიხშია შესული. ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, კვლავ არსებობს პრობლემები, რომლებიც რუსეთის მარცვლეულის ექსპორტს ხელს უშლიან.

შეთანხმება ბოლოს 60 დღის წინ გახანგრძლივდა, თუმცა, რუსეთმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, შეთანხმების დამატებით გაგრძელებას აღარ დათანხმდეს, თუ დასავლეთი რუსული მარცვლეულისა და სასუქის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ გააუქმებს. 

ამასთან ერთად, გუშინ, 25 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა მარცვლეულის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

მათი მტკიცებით, 23 მარტს და 24 აპრილს უკრაინამ დაარღვია შეთანხმების გარანტიები, რომლებსაც თურქეთი უზრუნველყოფდა და ოკუპირებულ სევასტოპოლის სანაპიროზე განლაგებულ შავი ზღვის ფლოტს უპილოტო აპარატებით დაესხნენ თავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უეკიპაჟო კატერები გამოუშვეს ოდესის პორტის მიმდებარე წყლებიდან.

"უკრაინული უეკიპაჟო კატერების მოძრაობის მიმართულების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა მათგანი გაუშვეს ოდესის პორტის აკვატორიიდან, რომელიც "შავი ზღვის ინიციატივის" რეალიზაციისთვისაა განკუთვნილი. მათი განლაგება მოხდა ჰუმანიტარული დერეფნის რაიონში, რომელიც უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გატანისთვისაა გააქტიურებული". – წერია განცხადებაში. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ბრალდებაში წერს, რომ ქმედებები "საფრთხის ქვეშ აყენებს მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას 18 მაისის შემდეგ". 

გასულ დღეს რუსეთის მხარე ამტკიცებდა, რომ ანექსირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლში განლაგებულ შავი ზღვის ფლოტს თავს უპილოტო აპარატებით დაესხნენ და შეტევა მოიგერიეს. აქამდე, მსგავსი ინფორმაცია გაავრცელეს 22 მარტსაც. აღსანიშნავია, რომ ეს თარიღი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არასწორად აქვს მითითებული. 

რუსეთის თავდაცვის უწყება იხსენებს, რომ გასულ წელს მსგავსი ბრალდებების შემდეგ მარცვლეულის შეთანხმება დროებით შეაჩერეს და მხოლოდ თურქეთის მიერ გარანტიების მიცემის შემდეგ განაახლეს. 

რუსეთი უკრაინას შეთანხმების დარღვევაში გასულ დღეებშიც ადანაშაულებდა

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. იგი მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. 

20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კრემლი უფასო მარცვლეულის აფრიკის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება.

კომენტარები