შსს-ს სტატისტიკა

შსს-მ იანვარ-მარტში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის 298 285, გასვლის 320 236 ფაქტი აღრიცხა

ლარსის გამშვები პუნქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლის 1 149 895, ხოლო  გასვლის - 1 198 961 ფაქტი აღრიცხეს.

საზღვრის კვეთის მიხედვით პირველ ექვსეულში არიან - რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

შსს-ს სტატისტიკით, იანვარ-მარტში საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის 298 285, გასვლის კი - 320 236 ფაქტი აღრიცხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 22 000-ით მეტჯერ გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი, ვიდრე გადმოკვეთეს.

2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის მოქალაქეებმა 1 459 546-ჯერ გადმოკვეთეს. ეს მონაცემი 2021 წელს 292 512 იყო, 2020 წელთან შედარებით თითქმის ხუთჯერ ნაკლები.

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში სახმელეთო საზღვრით შემოსვლის უფლება 2022 წლის მაისიდან აღუდგათ, იქამდე, 2020 წლის 26 მარტის განკარგულება მათ კორონავირუსის გამო, დროებით უზღუდავდა რუსეთის საზღვრის საავტომობილო, სარკინიგზო, საცალფეხო გზებით კვეთას, მათ შორის საქართველოშიც. შეზღუდვები არ ვრცელდებოდა მონღოლეთზე, ყაზახეთზე,  ჩინეთზე, და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთზე. 

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გავრცელდა კადრებიც, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა. BBC ადგილობრივ კორესპონდენტზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე მანქანების 10 კილომეტრის სიგრძის რიგი იყო და გამშვები პუნქტის გავლას 2 000-ზე მეტი მანქანა ელოდებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მაშინ ამბობდა, რომ რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა 40-45%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ და ასეც გაგრძელდება.

კომენტარები