სასამართლო კლანის სანქცირება

პრემიერი უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება

რადიო თავისუფლება

10 აპრილს, 12:00-ზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება. 

მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი ქართველი მოსამართლე დაასანქცირა და მათ აშშ-ში შესვლა აუკრძალა, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის სურვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა და სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ გამოთქვეს. გვრიტიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი ქვეყანაში უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი, რომელის ერთ-ერთი ნაწილი დამოუკიდებელი სასამართლოა. 

"პრემიერთან შეხვედრას ვითხოვთ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრემიერმინისტრი, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი,  პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაზე. უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი კომპონენტი უდავოდ არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, ეს აღიარებული ჭეშმარიტებაა.

ამიტომ მას, როგორც ქვეყანაში უსაფრთხოებაზე უპირველესად პასუხისმგებელ პირს, მივმართეთ, მოგვისმინოს. ჩვენ გარკვეული ინფორმაციები, გარკვეული ფაქტები, რომელსაც მივაწვდით და დაველოდებით შემდგომ რეაგირებას". - ამბობს გვრიტიშვილი. 

სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით კი, "პრემიერმინისტრი, რომელიც არის მთავარი ფიგურა საქართველოში და სახელმწიფოს მეთაური, უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა საფრთხეები ემუქრება მართლმსაჯულების სისტემას, რა გამოწვევები არსებობს, რა თავდასხმები ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხრიდან, რა ხორციელდებოდა".


5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქციები დაუწესდათ მათი ოჯახის წევრებსაც. 

როგორც აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განმარტა, სანქცირებული პირები ხელს უშლიდნენ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.

კომენტარები