საგამოძიებო: ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაში შსს-ს 3 თანამშრომელი ვამხილეთ

ტაბულა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-მარტის თვეში აჭარაში, სამეგრელოსა და თბილისში ძალადობრივი დანაშაულისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი ამხილეს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბათუმში მოქალაქის უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ძალადობის ჩადენის ფაქტზე 2023 წლის 8 თებერვალს შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი დეტექტივი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, გ.ა-მ თითქოს პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით უკანონოდ დააკავა და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანა მოქალაქე გ.ბ, რომელსაც ამავე განყოფილებაში მისთვის სასურველი ინფორმაციის მოპოვების მიზნით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებულ სამართალდამცავს ბრალი განზრახ უკანანო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, დააკავეს ზუგდიდის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დ.ჭ, რომელმაც, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2022 წლის მაისისა და ივნისის თვეებში ქალაქ ზუგდიდში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს. ასევე, დაზარალებულს და ცოლის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაკავებულ პირს ბრალდება ოჯახში ძალადობისა და მუქარის პუნქტით წარედგინა, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ უწყების მიერ მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ხ.ლ, რომელმაც 2022 წლის დეკემბერში მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, "სამართალდამცავი დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას და უკანონოდ უთვალთვალებდა, რაც ამ უკანასკნელის გადაადგილების კონტროლში გამოიხატებოდა".

ხ. ლ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ძალადობისა და დევნების მუხლით წარუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. ის თანამდებობიდან გადააყენეს.

კომენტარები