რუსული კანონი

NGO-ები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საერთო განცხადებას ავრცელებენ.

"ჩვენ წლების განმავლობაში, კანონმდებლებთან და პარლამენტის აპარატთან ერთად, დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით, ვმუშაობდით და მხარს ვუჭერდით რეფორმებს, რომლებიც მოიცავდა საკანონმდებლო ცვლილებებს და პრაქტიკულ სამუშაოებს. რეფორმები განხორციელდა  საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის და ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მეტ ღიაობას, ინკლუზიური გარემოს შექმნას, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეების ჩართულობას. დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა პარლამენტის ვებგვერდი, პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა გახდა შშმ პირებზე ადაპტირებული, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ლობისტების რეესტრი, სტატისტიკური მონაცემები და ასე შემდგ. დაინერგა საპარლამენტო პეტიციების პლატფორმა, შეიქმნა და ტექნიკით აღიჭურვა მოქალაქეთა მისაღები, შეიქმნა პარლამენტის მობილური აპლიკაცია და სხვა". – წერია განცხადებაში.

სამოქალაქო ორგანიზაციები საკონსულტაციო ჯგუფის დატოვების მიზეზად ასახელებენ "რუსულ" კანონს უცხოური აგენტების შესახებ. განცხადების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების პროტესტის შედეგად მოხდა კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩაგდება, მმართველი გუნდი კვლავ რჩება აღნიშნული კანონპროექტის პრინციპების ერთგულად. 

"მართალია, კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული რამდენიმე დღიანი სახალხო პროტესტის საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი უკან გაიწვია, მაგრამ მათა ნათლად დაადასტურეს რომ ისინი რჩებიან რუსული კანონპროექტის პრინციპების ერთგულნი და, სამომავლოდ უფრო აქტიურად გააგრძელებენ  საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიას კანონპროექტის მხარდასაჭერად.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფში შემავალი ორგანიზაციები ვეღარ ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობასთან ამ ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივას და ვაჩერებთ წევრობას საკონსულტაციო ჯგუფში". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

 

კომენტარები